მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1ეს არის სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის.
- 2ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთის გზაზე, კადეშ-ბარნეაყამდე.
- 3მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
- 4მას შემდეგ, რაც მოკლეს სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხებრონში მკვიდრობდა და ყოგი, ბაშანის მეფე, რომელიც ყაშთაროთში მკვიდრობდა, ედრეყში.
- 5იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
- 6"უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ ამ მთაზე ყოფნა;
- 7გაბრუნდით, წადით და მიდით ამორელთა მთაზე და ყველა მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე.
- 8აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა, მიდით და დაიმკვიდრეთ მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს - აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მათ შთამომავლობას მათ შემდგომ.
- 9ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
- 10გაგამრავლათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით აურაცხელნი ხართ დღეს.
- 11კიდევ ათასჯერ გამრავლოთ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ.
- 12მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
- 13ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ თავკაცებად.
- 14თქვენ კი მიპასუხეთ: კარგი საქმე დაგვავალე გასაკეთებლად.
- 15ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით.
- 16მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის.
- 17მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
- 18მაშინ გამცნეთ ყველა საქმე, რაც უნდა შეგესრულებინათ.
- 19დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორელთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე.
- 20გითხარით: მოხვედით ამორელთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.
- 21აჰა, მოგცათ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა, წადით და დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა; ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
- 22მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: "გავგზავნით კაცებს ჩვენ წინ, რომ გამოიკვლიონ ქვეყანა და მოგვითხრონ იმ გზის შესახებ, რომლითაც უნდა ვიაროთ და იმ ქალაქების ამბავი, რომლებშიც შევალთ”.
- 23მომეწონა ეს სიტყვა და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
- 24გაემართნენ, გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს ქვეყანა.
- 25თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: "კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
- 26თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
- 27დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: "ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.
- 28სად წავიდეთ? გულები შეგვიშინეს ჩვენმა ძმებმა, ამბობდნენ - იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთო იქ”.
- 29მე კი გითხარით: ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეუშინდებით-მეთქი მათ;
- 30უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
- 31და უდაბნოში, სადაც ხედავდით, როგორ გატარებდათ უფალი, თქვენი ღმერთი, იმ კაცივით, თავის ძეს რომ ატარებს, მთელ გამოვლილ გზაზე, ვიდრე აქამდე მოაღწევდით.
- 32მაგრამ არც ამაში გჯეროდათ უფლის, თქვენი ღმერთის,
- 33რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
- 34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და დაიფიცა:
- 35"ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს.
- 36მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.
- 37ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: "ვერც შენ შეხვალ იქ.
- 38იეშუა ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ; გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მიწას ისრაელს.
- 39და შევლენ იქ თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო და თქვენი ძენი, რომლებიც ავსა და კარგს ვერ არჩევენ დღეს, მათ მივცემ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
- 40თქვენ კი გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით გაემგზავრეთ უდაბნოში”.
- 41მიპასუხეთ: "შევცოდეთ უფალს; წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო იარაღი და იოლ საქმედ მიიჩნიეთ მთაზე ასვლა”.
- 42მითხრა უფალმა: "უთხარი მათ, არ ახვიდეთ და არც შეებრძოლოთ, რადგან თქვენ შორის არა ვარ და შეიმუსრებით მტერთა წინაშე”.
- 43გელაპარაკეთ და არ შეისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას და გაამაყებულნი ახვედით მთაზე.
- 44გამოვიდნენ იმ მთის მკვიდრი ამორელნი თქვენს წინააღმდეგ, ფუტკარივით დაგედევნენ და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
- 45დაბრუნდით და ატირდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი.
- 46და მრავალი დღე დარჩით კადეშში, იმდენი, რამდენ ხანსაც დარჩით”.
იტვირთება შემდეგი თავი