მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1"მოვბრუნდით და დავიძარით უდაბნოში წითელი ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა; და გარს ვუვლიდით სეყირის მთას მრავალი დღე.
- 2მითხრა უფალმა:
- 3"გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ.
- 4და ასე უბრძანე ხალხს: თქვენი ძმების, ესავიანთა მიწას გაივლით, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ; შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ ფრთხილად იყავით.
- 5ნუ შეებრძოლებით მათ, ვინაიდან მათი ქვეყნიდან ნატერფალსაც არ მოგცემთ, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ.
- 6ვერცხლით იყიდეთ მათგან სასმელიც და საჭმელიც; და ჭამეთ და სვით.
- 7რადგან გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა საქმეში, ვინაიდან იცოდა ყოველი თქვენი გზა ამ დიდ უდაბნოში; აი, ორმოცი წელიწადია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ დაგკლებიათ არაფერი”.
- 8და მოვბრუნდით ეილათის ველიდან, ყეციონ-გებერიდან, ჩვენი ძმებისგან, ესავის ძეთაგან, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ, გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით.
- 9მითხრა უფალმა: "ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ წამოიწყებ მასთან, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს მისი ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.
- 10უწინ ემიელნი მკვიდრობდნენ იქ, დიდი ხალხი, მრავალრიცხოვანი და ყენაკელებივით ტანმაღალი.
- 11ყენაკელებივით რეფაიმელნად ითვლებოდნენ ისინიც, მაგრამ მოაბელნი ემიელებს უწოდებდნენ.
- 12ხორიელნი მკვიდრობდნენ უწინ სეყირში და ესავიანებმა განდევნეს, მოსრეს მიწის პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ, როგორც ისრაელმა დაიმკვიდრა თავისი მიწა, რომელიც მისცა უფალმა.
- 13ახლა ადექით და გადალახეთ ზარედის ხევი!” და გადავლახეთ ზარედის ხევი.
- 14იმ დღიდან, რაც კადეშ-ბარნეაყიდან ზარედის ხევამდე მივაღწიეთ, ოცდათვრამეტი წელი გავიდა, დაიხოცა ყველა მებრძოლი მამაკაცი ბანაკში, როგორც შეჰფიცა მათ უფალმა.
- 15მეტიც, უფლის ხელი იყო მათზე, რათა ამოეჟლიტა ისინი ბანაკში, ვიდრე ამოწყდებოდნენ.
- 16და როცა ყოველი მებრძოლი კაცი, უკანასკნელამდე, მოისპო ხალხიდან,
- 17მაშინ მითხრა უფალმა:
- 18"გადალახავ დღეს მოაბის საზღვარს ყართან
- 19და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეებრძოლები და ნუ შეავიწროებ მათ, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს ყამონის ძეთა ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი.
- 20რეფაიმელთა ქვეყნად ითვლება ისიც; უწინ რეფაიმელნი მკვიდრობდნენ მასში. მაგრამ ზამზუმელებს უწოდებენ მათ ყამონელნი.
- 21დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო, ყენაკელებივით, მაგრამ მოსპო უფალმა ყამონელთა პირისგან და მათ მაგიერ დასახლდნენ ისინი;
- 22როგორც სეყირში დამკვიდრებულ ესავის ძეებს გაუკეთა, მოსპო ხორიელნი მათი პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ ისინი დღევანდელ დღემდე.
- 23ყავიმელებიც - სოფლებში, ღაზამდე, ქაფთორიდან გამოსულმა ქაფთორელებმა მოსრეს და დასახლდნენ მათ მაგიერ.
- 24ადექით, აღიჭურვეთ და გადალახეთ არნონის ხევი; აჰა, ხელში ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის ამორელი მეფე და მისი ქვეყანა: დაიწყეთ დამკვიდრება და შეებრძოლეთ მას.
- 25დღეიდან დავიწყებ; და ძრწოლასა და შიშს მოვგვრი თქვენ გამო ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში; ვინც მოისმენს თქვენს ამბავს - შეძრწუნდება და ათრთოლდება თქვენს წინაშე”.
- 26წარვგზავნე მოციქულნი სიხონთან, ხეშბონის მეფესთან კედემოთის უდაბნოდან, სამშვიდობო სიტყვებით:
- 27"გავივლი შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზად ვივლი, არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ;
- 28საკვებიც ვერცხლით მომყიდე საჭმელად და წყალსაც ვერცხლით ვიყიდი დასალევად; მხოლოდ ფეხით გავივლი,
- 29როგორც სეყირის მკვიდრმა ესავის ძეებმა და ყარში მაცხოვრებელმა მოაბელებმა გამიკეთეს, ვიდრე გადავლახავ იორდანეს იმ ქვეყნისკენ, რომელიც მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
- 30მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი იქ გავლა, რადგან გააქვავა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მისი სული და გააჯიუტა მისი გული, რათა თქვენს ხელთ ჩაეგდო იგი, როგორც დღეს გამოჩნდა.
- 31და მითხრა უფალმა: "აჰა, დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის გადმოცემა; შენც დაიწყე მისი ქვეყნის დაკავება დასამკვიდრებლად”.
- 32და გამოვიდა სიხონი იაჰაცში, მთელ თავის ხალხთან ერთად, ჩვენთან შესახვედრად და საბრძოლველად.
- 33ხელში ჩაგვიგდო იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. შევმუსრეთ ის, მისი ძენი და მთელი მისი ხალხი.
- 34მაშინ დავიპყარით და ავაოხრეთ ყველა ქალაქი, მოსახლეობასთან, ქალებთან და ახალშობილებთან ერთად, ცოცხალი არავინ დაგვიტოვებია მათგან.
- 35მხოლოდ საქონელი და ნადავლი დავიტაცეთ იმ ქალაქებიდან, ხელში რომ ჩავიგდეთ.
- 36ყაროყერიდან, არნონის მდინარის სანაპიროდან და ხეობის ქალაქიდან გილყადამდე, არ დარჩენილა ჩვენთვის მიუწვდომელი ქალაქი; ყოველივე გადმოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
- 37მხოლოდ ყამონის ძეთა ქვეყანას არ მიახლოებიხარ: იაბოკის ხევის პირს, მთის ქალაქებს და ყოველივეს, როგორც ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
იტვირთება შემდეგი თავი