მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    "გადავუხვიეთ და ავედით ბაშანის გზით; გამოვიდა ყოგი - ბაშანის მეფე, ჩვენს შესახვედრად, მთელი თავისი ხალხით, ედრეყში საბრძოლველად.
  2. 2
    და მითხრა უფალმა: "ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი, მთელი მისი ხალხითა და ქვეყნით; ისე მოექეცი მას, როგორც მოექეცი სიხონს, ამორელ მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
  3. 3
    ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ბაშანის მეფე ყოგიც მთელი თავისი ხალხით და ისე გავანადგურეთ იგი, რომ არავინ გადარჩენილა ცოცხალი.
  4. 4
    იმ დროს ავიღეთ ყველა მისი ქალაქი; არ დარჩენილა ქალაქი, მისთვის, რომ არ წაგვერთვა: სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო, ბაშანში,
  5. 5
    ყველა ეს ქალაქი მაღალი გალავნით, ბჭეებითა და ურდულებით იყო გამაგრებული, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
  6. 6
    სიხონივით, ხეშბონის მეფესავით, გავანადგურეთ ისინი, ყველა ქალაქი - კაცებთან, ქალებთან და პატარებთან ერთად.
  7. 7
    მაგრამ იმ ქალაქების საქონელი და ნადავლი ჩვენთვის დავიტოვეთ.
  8. 8
    მაშინ წავართვით ქვეყანა ამორელთა ორ მეფეს, იორდანეს გამოღმა, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე.
  9. 9
    სიდონელები სირიონს უწოდებენ ხერმონს, ამორელნი კი სენირს.
  10. 10
    ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი, მთელი გილყადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში,
  11. 11
    რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმელთა მოდგმიდან. აჰა, რკინისაა მისი სარეცელი, განა რაბათში არაა იგი ყამონის ძეებთან? სიგრძე მისი ცხრა, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთაა, მამაკაცის წყრთით.
  12. 12
    იმ დროს დავიმკვიდრეთ ეს ქვეყანა: არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან, გილყადის მთის ნახევარი და მისი ქალაქები რეუბენისა და გადის ძეთ მივეცი.
  13. 13
    დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ ტომს მივეცი, არგობის მთელი მიდამო, მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება.
  14. 14
    და აიღო იაირმა, მენაშეს ძემ მთელი არგობის მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე და უწოდა ბაშანს თავისი სახელი: სოფლები იაირისა და ასე ეწოდება დღემდე.
  15. 15
    მაქირს გილყადი მივეცი.
  16. 16
    ყამონის ძეთა საზღვრამდე - იაბოკის ხევამდე მივეცი მიწა რეუბენისა და გადის ძეთ, გილყადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაგულამდე და საზღვრამდე.
  17. 17
    ყარაბა და იორდანე საზღვარია, ქინერეთიდან ვიდრე იამ-ყარაბამდე, მარილოვან (მკვდარ) ზღვამდე, ფისგას ფერდობების ქვეშ, აღმოსავლეთით.
  18. 18
    ასე გიბრძანეთ მაშინ: "უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; წინ წაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ყოველი შეიარაღებული, გულადი კაცი.
  19. 19
    მხოლოდ ცოლები, თქვენი პატარები და პირუტყვი - ვიცი, რომ დიდძალი პირუტყვი გყავთ - დატოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია,
  20. 20
    ვიდრე თქვენსავით მოასვენებს უფალი თქვენს ძმებს და დაიმკვიდრებენ ისინი ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი, თქვენი ღმერთი, იორდანეს გაღმა; მაშინ დაუბრუნდებით თითოეული საკუთარ სამკვიდრებელს, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის”.
  21. 21
    ვამცნე იმ დროს იეშუას: "შენი თვალით ნახე, რა დამართა უფალმა, შენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს; ამასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც გაივლი.
  22. 22
    ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის”.
  23. 23
    ასე შევევედრე იმ დროს უფალს:
  24. 24
    "უფალო, ღმერთო! შენ წამოიწყე შენი მსახურისთვის შენი სიდიადისა და ძლიერი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცაში ან დედამიწაზე, რომ თავისი საქმეებითა და ძლიერებით შეგედაროს?
  25. 25
    ნება მომეცი, გადავიდე და ვიხილო ის ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, ის მშვენიერი მთიანი მიწა და ლიბანი”.
  26. 26
    განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ ისმინა ჩემი; მომიგო უფალმა: "გეკმაროს, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
  27. 27
    ადი ფისგას მწვერვალზე, გადაიხედე დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ და თვალი მოავლე გარემოს, რადგან ვერ გადახვალ იორდანეს გადაღმა.
  28. 28
    დაადგინე, გაამხნევე და გაამაგრე იეშუა, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს და ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც დაინახავ”.
  29. 29
    და ბეთ-ფეღორის გასწვრივ გავჩერდით, ველზე”.
იტვირთება შემდეგი თავი