მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1"ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.
- 2არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.
- 3იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: ყველა, ვინც ბაყალ-ფეღორს აჰყვა, მოსპო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენგან.
- 4ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.
- 5აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
- 6დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.
- 7რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?
- 8რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?
- 9მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს
- 10იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: "შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.
- 11მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.
- 12და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
- 13გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;
- 14მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
- 15იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,
- 16რათა არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;
- 17დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,
- 18რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;
- 19რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
- 20თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
- 21გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
- 22არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
- 23გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
- 24რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი - თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
- 25იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.
- 26ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით.
- 27მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.
- 28და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.
- 29მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.
- 30როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.
- 31რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.
- 32აბა ჰკითხეთ გარდასულ დღეებს, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, დღიდან ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა დედამიწაზე, ცის ქვეშეთში თუ მომხდარა რაიმე, მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?
- 33თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
- 34თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?
- 35ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.
- 36ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
- 37ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,
- 38რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.
- 39გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.
- 40დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.
- 41მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,
- 42მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.
- 43ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.
- 44და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
- 45ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
- 46იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
- 47დაიმკვიდრეს მისი და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ამორელთა ორი მეფისა, რომლებიც იორდანეს გამოღმა იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
- 48ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირზეა, სიონის (ხერმონის) მთამდე.
- 49ასევე ყოველი ველი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობზე.
იტვირთება შემდეგი თავი