მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: "ისმინე, ისრაელ, წესდებანი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს შენს გასაგონად; რათა ისწავლო და შეასრულო ისინი.
- 2აღთქმა დაგვიდო ხორებში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
- 3ჩვენს მამებთან კი არა, უფალმა ეს აღთქმა ჩვენთან დადო, ვინც დღეს აქ ვართ, ცოცხლები.
- 4პირისპირ გელაპარაკებოდა უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან,
- 5მე კი იმ დროს უფალსა და შენს შორის ვიდექი, რათა უფლის სიტყვა მეუწყებინა შენთვის, რადგან გეშინოდა ცეცხლის და არ ამოსულხარ მთაზე. მან თქვა:
- 6"მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
- 7არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.
- 8არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ.
- 9არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;
- 10და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.
- 11არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.
- 12დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს, შენს ღმერთს.
- 13ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,
- 14ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ და ასულმა, არც შენმა მონამ და მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მონამ და მხევალმა.
- 15გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
- 16პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.
- 17არა კლა.
- 18არ იმრუშო.
- 19არ იქურდო.
- 20არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
- 21არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი და შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა და მსახური, არც მისი მხევალი და ხარი, არც სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
- 22ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ შენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და ნისლის შუაგულიდან, დიადი ხმით და აღარაფერი დაუმატებია და დაწერა ქვის ორ დაფაზე და მე მომცა.
- 23როცა მოისმინეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, ხოლო მთა ცეცხლით იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ყველა ტომის მთავარი და უხუცესი;
- 24მითხარით: "აჰა, გვიჩვენა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე და გვესმა მისი ხმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა იგი.
- 25ახლა რად უნდა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი: თუ კიდევ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, დავიხოცებით!
- 26რადგან ვინ არის ის ხორციელი, ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღმერთის ხმა რომ მოესმინოს და ცოცხალი დარჩენილიყოს ჩვენსავით?
- 27მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის და მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გეტყვის. ჩვენ მოვისმენთ და შევასრულებთ”.
- 28მოისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკი, მე რომ მელაპარაკებოდით და მითხრა: "ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკი, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.
- 29ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ჩემი ყოველი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი ძენი უკუნისამდე.
- 30წადი და უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავიანთ კარვებში.
- 31ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან და გეტყვი ყველა მცნებას, წესს და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რათა შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც ვაძლევ დასამკვიდრებლად”.
- 32ისე დაიცავი, როგორც ნაბრძანები აქვს შენთვის უფალს, შენს ღმერთს; ნუ გადაიხრები ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ.
- 33იარე ყველა იმ გზით, რომელიც გამცნო შენმა ღმერთმა, რათა იცოცხლო, სიკეთე გქონდეს და დღეგრძელი იყო იმ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებ.
იტვირთება შემდეგი თავი