მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1"იმ დროს მითხრა უფალმა: "გამოთალე ქვისგან ორი დაფა, მსგავსი უწინდელისა, ამოდი ჩემთან მთაზე და გააკეთე ხის კიდობანი;
- 2და დავწერ დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც შენს მიერ დამსხვრეულ პირვანდელ დაფებზე ეწერა და ჩადე ისინი კიდობანში.
- 3აკაციის ხისგან გავაკეთე კიდობანი, გამოვთალე პირვანდელთა მსგავსი, ქვის ორი დაფა და ავედი მთაზე; ხელთ ორი დაფა მეპყრა.
- 4და დაწერა მან დაფებზე, როგორც მანამდე ეწერა, ათი მცნება, რომლებიც მთაზე შეკრების დღეს, შუაგულ ცეცხლიდან გითხრათ უფალმა, და მომცა ისინი უფალმა.
- 5დავბრუნდი, ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე დაფები ჩემს მიერ გაკეთებულ კიდობანში და აწყვია იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
- 6იაყაქანის ძეთა ჭებიდან მოსერასკენ დაიძრნენ ისრაელიანები; იქ გარდაიცვალა აჰარონი და იქვე დაიკრძალა; და დადგა მის მაგიერ ელეაზარი, მისი ძე.
- 7იქიდან გუდგოდასკენ დაიძრნენ და გუდგოდადან - იოტბათასკენ, ნაკადულთა ქვეყნისკენ.
- 8იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი უფლის აღთქმის კიდობნის სატარებლად, რომ მდგარიყვნენ და ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ, როგორც დღემდეა.
- 9ამიტომ არ ჰქონდა ლევის ტომს წილი და სამკვიდრებელი თავის ძმებთან: უფალია მისი სამკვიდრებელი, როგორც უფალს, შენს ღმერთს აქვს ნათქვამი მისთვის.
- 10დავრჩი მთაზე, როგორც პირველ ჯერზე, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე; ამჯერადაც შეისმინა უფალმა ჩემი და არ ისურვა მან თქვენი მოსპობა.
- 11მითხრა უფალმა: "ადექი, წარუძეხი ამ ხალხს; დაე, მივიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც მათ მამებს შევფიცე მისაცემად”.
- 12ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;
- 13დაიცვა უფლის მცნებანი და დადგენილებანი, რომელთაც შენდა სასიკეთოდ გამცნებ დღეს.
- 14უფალს, შენს ღმერთს ეკუთვნის ცანი და ცა მათ ზემოთ, დედამიწა და ყოველივე, რაც მასშია.
- 15მხოლოდ შენი მამები აირჩია უფალმა, შეიყვარა ისინი და გამოგარჩიათ თქვენ - მათი შთამომავლობა, ყველა ხალხისგან, როგორც დღეს არის.
- 16დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და მეტად ნუღარ გაჯიუტდებით;
- 17ვინაიდან უფალი, შენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთია და უფალთ უფალი, დიადი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც არ პირმოთნეობს და ქრთამს არ იღებს;
- 18სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.
- 19შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
- 20გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე, მას მიეწებე და მის სახელს ფიცულობდე.
- 21ისაა შენი დიდება და შენი ღმერთი, რომელმაც შენს თვალწინ მოიმოქმედა დიადი და საშინელი საქმეები.
- 22სულ სამოცდაათნი იყვნენ შენი მამები, ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ და ახლა ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლა უფალმა, შენმა ღმერთმა.
იტვირთება შემდეგი თავი