მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 11

  1. 1
    "ამიტომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და ყოველთვის შეასრულე მისი დავალებები, დადგენილებანი, სამართალი და მცნებანი.
  2. 2
    უწყოდეთ ეს დღეს, რადგან არ ველაპარაკები თქვენს ძეებს, რომელთაც არ უნახავთ და არ იციან თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი,
  3. 3
    მისი ნიშნები და საქმეები, რაც შუაგულ ეგვიპტეში გაუკეთა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას,
  4. 4
    რაც ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და ეტლებს უყო, როგორ დაფარა წითელი ზღვის ტალღებით, როცა დაგედევნენ და მოსპო ისინი უფალმა დღემდე;
  5. 5
    რაც უდაბნოში გაგიკეთათ, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით;
  6. 6
    რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის ელიაბის ძეებს, როცა დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და მთელი ქონება, რაც კი ისრაელში გააჩნდათ.
  7. 7
    რადგან თქვენი თვალით იხილეთ უფლის დიადი საქმენი, რომლებიც მოიმოქმედა მან.
  8. 8
    დაიცავით ყოველი მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, რათა გაძლიერდეთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
  9. 9
    რათა დღეგრძელნი იყოთ ქვეყანაში, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
  10. 10
    რადგან მიწა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, არა ჰგავს ეგვიპტის მიწას, საიდანაც გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს;
  11. 11
    ის მიწა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა, მთისა და ბარის ქვეყანაა და ციური წვიმის წყალს სვამს.
  12. 12
    მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან - დასასრულამდე.
  13. 13
    და თუ გულმოდგინედ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს, რომელთაც გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
  14. 14
    მაშინ დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, ადრეულსაც და გვიანსაც; და მოიწევთ მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს.
  15. 15
    მივცემ თქვენს მდელოებს ბალახს საქონლისთვის; შეჭამთ და გაძღებით.
  16. 16
    მაგრამ გაფრთხილდით, არ მოტყუვდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ უცხო ღმერთებს.
  17. 17
    თორემ აღინთება თქვენზე უფლის რისხვა, დახშავს ცას, არ იქნება წვიმა და მიწა აღარ მოგცემთ თავის ნაყოფს; მალევე მოისპობით ამ ბარაქიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ უფალი.
  18. 18
    ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სამშვინველში, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე მიიკარით თვალებს ზემოდან.
  19. 19
    ასწავლეთ თქვენს ძეებს და ელაპარაკეთ მათზე, როგორც სახლში ყოფნისას, ისე გზაზე სვლისას, როგორც დაწოლისას, ისე ადგომისას.
  20. 20
    წააწერეთ თქვენი სახლების წირთხლებს და კარიბჭეებს,
  21. 21
    რათა ისე გაგიმრავლდეთ თქვენ და თქვენს ძეებს დღენი იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
  22. 22
    რადგან თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომელთაც გიბრძანებთ შესასრულებლად, რომ გიყვარდეთ უფალი, ღმერთი თქვენი, რომ დადიოდეთ მის გზაზე და მას მიეწებოთ,
  23. 23
    მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენგან და დაიმკვიდრებთ თქვენზე დიდ და ძლიერ ხალხებს.
  24. 24
    და ყოველი ადგილი, სადაც თქვენი ტერფი დაიდგმება, თქვენი იქნება; უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, მდინარე ევფრატიდან განაპირა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
  25. 25
    ვერავინ დაგიდგებათ წინ; თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ.
  26. 26
    აჰა, კურთხევას და წყევლას ვდებ თქვენ წინ:
  27. 27
    კურთხევას - თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს;
  28. 28
    წყევლას - თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ იმ გზას, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
  29. 29
    და როცა შეგიყვანთ უფალი, თქვენი ღმერთი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, აღავლინეთ კურთხევა გერიზიმის მთაზე და წყევლა - ღებალის მთაზე.
  30. 30
    იორდანეს გაღმაა ისინი, მზის დასალიერისკენ, ბარში მცხოვრები ქანაანელების ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ, მორეს მუხნარის მახლობლად.
  31. 31
    რადგან გადადიხართ იორდანეზე, რათა შეხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი; დაიმკვიდრებთ მას და დასახლდებით.
  32. 32
    დაიცავით შესასრულებლად ყველა წესი და სამართალი, რომელსაც მე გაძლევთ დღეს.
იტვირთება შემდეგი თავი