მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1"აი, წესები და სამართალი, რომელთაც გულმოდგინედ უნდა აღასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, მის დასამკვიდრებლად.
- 2ბოლომდე მოსპეთ ყველა ის ადგილი, სადაც თქვენ მიერ განდევნილი ხალხები ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაღალ მთებსა და ბორცვებზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ.
- 3დაამხეთ მათი სამსხვერპლონი, დაამსხვრიეთ მათი ძეგლები, ცეცხლში დაწვით მათი აშერები, დალეწეთ მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოსპეთ მათი სახელი იმ ადგილიდან.
- 4ასე არ უნდა მოიქცეთ უფლის, თქვენი ღმერთის მიმართ.
- 5არამედ ადგილს, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, ამოირჩევს თქვენს ყველა ტომს შორის, თავისი სახელის დასამკვიდრებლად, მის იმ სამყოფელს მიმართეთ და იქ მიდით;
- 6იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველნი, მსხვერპლები, მეათედები, ხელთაგან აღსავლენი, აღთქმულები, საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი;
- 7და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა თქვენი ნაშრომით, რითაც გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
- 8ნუ მოიქცევით დღევანდელივით, თითოეული ისე რომ ვიქცევით, როგორც თვითონ თვლის სწორად,
- 9ვინაიდან ჯერ არ შესულხართ მოსასვენებელსა და სამკვიდრებელში, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 10მაგრამ, როცა გადახვალთ იორდანეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელსაც გიმკვიდრებთ უფალი, თქვენი ღმერთი; და დაგასვენებთ მტერთაგან, რომლებიც თქვენს ირგვლივაა და იცხოვრებთ უშიშრად.
- 11იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, იქ მიიტანეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ: თქვენი სრულადდასაწველნი, მსხვერპლები, მეათედები, ხელთაგან აღსავლენი და ყოველივე საუკეთესო თქვენი აღთქმების მიხედვით, რაც აღუთქვით უფალს;
- 12და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ და თქვენმა ძეებმა და ასულებმა, თქვენმა მონებმა და მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც თქვენს კარიბჭეშია, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს თქვენთან.
- 13გაფრთხილდით, არ აღავლინოთ თქვენი სრულადდასაწველნი ყველა ადგილზე, რომელსაც იხილავთ,
- 14არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი თქვენს ერთ-ერთ ტომში, იქ აღავლინეთ თქვენი სრულადდასაწველნი და იქ აღასრულეთ ყოველი, რასაც მე გამცნებთ.
- 15და თქვენი გულის ნდომისამებრ დაკლავთ საკლავს და ჭამთ ხორცს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევით, რომელიც მან მოგცათ ყოველ თქვენს მხარეში. უწმიდურმაც ჭამოს და განწმედილმაც, როგორც ახლა ჭამთ ქურციკსა და ირემს.
- 16მხოლოდ სისხლი არ ჭამოთ; წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
- 17გეკრძალებათ თქვენს საცხოვრებლებში თქვენი მარცვლეულის, ღვინისა და ზეთის მეათედის, საქონლისა და ფარის პირველმონაგებთა, თქვენი აღთქმულისა და ხელთაგან საკუთარი ნებით აღვლენილის ჭამა,
- 18არამედ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე ჭამდეთ მას, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი: შენ, შენი ძე და ასული, შენი მონა, მხევალი და ლევიანი, რომელიც შენს მხარეშია; და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე თქვენი ნაშრომით.
- 19გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ ლევიანი იმ მიწა-წყალზე, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში.
- 20რაჟამს განგივრცობთ უფალი, თქვენი ღმერთი, საზღვარს, როგორც გაუწყათ მან და იტყვით: შევჭამ ხორცს, ვინაიდან მოგინდებათ ხორცის ჭამა, მაშინ ჭამეთ ხორცი საკუთარი სურვილისამებრ.
- 21თუ შორს იქნება თქვენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, მაშინ დაკალით თქვენი საქონლიდან ან ფარიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, როგორც ნაბრძანები მაქვს და ჭამეთ თქვენს ჭიშკრებში საკუთარი სურვილისამებრ,
- 22ოღონდ ისე, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, უწმიდურმაც ჭამოს და განწმედილმაც.
- 23მხოლოდ იფრთხილეთ, რომ სისხლი არ ჭამოთ, რადგან სიცოცხლეა იგი; ხორცთან ერთად მის სიცოცხლეს ნუ შეჭამთ.
- 24ნუ შეჭამთ, წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
- 25ნუ შეჭამთ, რათა კარგად იყოთ თქვენ და თქვენს შემდგომ თქვენი ძენი, ვინაიდან სწორად მოიქცევით უფლის თვალში.
- 26ოღონდ მოიტანეთ თქვენს მიერ მიძღვნილნი, რომლებიც გექნებათ და აღთქმულნი და მიდით იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
- 27შესწირეთ სრულადდასაწველის ხორცი და სისხლი, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, მსხვერპლთაგან კი - სისხლი მის სამსხვერპლოზე უნდა დაიღვაროს და ხორცი შეიჭამოს.
- 28გაფრთხილდით და შეისმინეთ ყველა ეს სიტყვა, რომელსაც გამცნებთ, რათა სამუდამოდ სიკეთეში ცხოვრობდეთ თქვენ და თქვენს შემდეგ თქვენი ძენი, ვინაიდან კარგად და სწორად მოიქცევით უფლის, თქვენი ღმერთის თვალში.
- 29და როცა გაანადგურებს უფალი, თქვენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა დასაპყრობადაც მიდიხართ და რა დაიპყრობთ, დასახლდებით მათ ქვეყანაში,
- 30გაფრთხილდით, არ გაებათ მახეში მათ კვალზე, მას შემდეგ, რაც მოისპობიან თქვენს წინაშე, არ მოძებნოთ მათი ღმერთები ამ სიტყვებით: როგორც ეს ხალხები ემსახურებოდნენო თავიანთ ღმერთებს, ისე მოვემსახურები მეც.
- 31ასე არ უნდა მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ვინაიდან რაც სძაგს უფალს, სწორედ იმას უკეთებენ ისინი თავიანთ ღმერთებს - საკუთარ ძეებსა და ასულებს ცეცხლში წვავენ მათთვის.
- 32ყოველი სიტყვა, რასაც გამცნებთ დღეს დაიცავით და აღასრულეთ, არც დაუმატოთ რაიმე და არც გამოაკლოთ.
იტვირთება შემდეგი თავი