მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1"შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი რომ გამოჩნდეს და ნიშანი ან სასწაული მოგცეს,
- 2და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გამოგიცხადა და თან გითხრას: გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და მათ ვემსახუროთო,
- 3ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდის უფალი, შენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვარს თუ არა უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით!
- 4უფლის, შენი ღმერთის კვალს გაჰყევი და მისი გეშინოდეს; მისი მცნებანი დაიცავი, მისი ხმა გაიგონე, მას ემსახურე და მიეწებე.
- 5ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან უფლის, შენი ღმერთისგან განდგომა გირჩია, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანა და მონობის სახლიდან გამოგისყიდა; რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზე სიარულიც უფალმა, შენმა ღმერთმა, გიბრძანა; ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენს შორის.
- 6თუ ჩურჩულით წაგაქეზებს შენი ძმა - დედაშენის შვილი, შენი ძე ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან შენი მეგობარი, საკუთარი სულივით რომ გიყვარს: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები,
- 7იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენ გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, დედამიწის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე,
- 8არ დასთანხმდე და ნუ გაუგონებ; ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ და ნუ დაიფარავ;
- 9არამედ მოკალი იგი; პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე მთელი ხალხისა.
- 10ჩაქოლეთ იგი, რომ მოკვდეს; რადგან შენი ჩამოცილება ჰქონდა განზრახული უფლის, შენი ღმერთისგან, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა.
- 11მთელი ისრაელი გაიგებს ამას, შეშინდება და აღარ ჩაიდენს ასეთ ბოროტებას შენს შორის.
- 12თუ გაიგებ, რომ რომელიმე შენს ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი საცხოვრებლად,
- 13გამოჩნდა უღირსი ხალხი შენი წიაღიდან და შეაცდინეს ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ,
- 14მაშინ გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და კარგად გამოიკითხეთ ყველაფერი; აჰა, მართლა მოხდა ეს სისაძაგლე შენს წიაღში,
- 15მახვილის პირით შემუსრეთ იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მისი პირუტყვიც გაჟლიტეთ მახვილით.
- 16მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე მოაგროვე და დაწვი ქალაქი და ნადავლი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ნანგრევებად დარჩეს უკუნისამდე და აღარასოდეს აშენდეს.
- 17დარისხებულიდან არაფერს მიეკაროს შენი ხელი, რათა განელდეს უფლის მძვინვარე რისხვა და გიჩვენოს წყალობა, შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც დაუფიცა შენს მამებს;
- 18თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელსაც გიბრძანებ დღეს და სწორად მოიქცევი უფლის, შენი ღმერთის თვალში.
იტვირთება შემდეგი თავი