მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1"უფლის, თქვენი ღმერთის ძეები ხართ; მკვდრის გამო სხეულს ნუ დაისერავთ და თვალთა შორის ნუ გაიპარსავთ;
- 2რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად - ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.
- 3სისაძაგლე არაფერი ჭამოთ.
- 4ამ ცხოველების ჭამა შეიძლება: ხარი, კრავი, ცხვარი, თხა,
- 5ირემი, ქურციკი, შველი, ჯიხვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი.
- 6ყოველი ცხოველი, რომელსაც ორად გაყოფილი ჩლიქი და ორივე ჩლიქზე ღრმა ჭრილი აქვს და რომელიც იცოხნება - ჭამეთ.
- 7ოღონდ ნუ შეჭამთ მხოლოდ მცოხნელთაგან ან მხოლოდ ღრმა ჭრილით ორად გაყოფილ ჩლიქიანთაგან. ნუ შეჭამთ აქლემს, კურდღელს და ბოცვერს, რადგან კი იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ ორად გაყოფილი - თქვენთვის უწმიდურნი არიან ისინი;
- 8და ღორი, რომელსაც ჩლიქი კი აქვს ორად გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნება - უწმიდურია თქვენთვის; მათი ხორცი არ ჭამოთ და ნურც მათ მძორს შეეხებით.
- 9შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი, რაც კი არსებობს წყალში, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს;
- 10რასაც ფარფლი და ქერცლი არ აქვს - ნუ შეჭამთ, სუფთა არ არის იგი თქვენთვის.
- 11ჭამეთ ყოველი სუფთა ფრინველი;
- 12არ უნდა შეჭამოთ: არწივი, ორბი, სვავი,
- 13ძერა, შევარდენი, სონღული თავისი გვარებით,
- 14არც ერთი სახის ყორანი,
- 15სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი თავისი გვარებით,
- 16კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი,
- 17ვარხვი, ფსოვი, თევზიყლაპია,
- 18ყარყატი, ყანჩა თავისი გვარებით, ოფოფი და ღამურა.
- 19ყოველი ფრთოსანი მწერი უსუფთაოა თქვენთვის, არ ჭამოთ.
- 20ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ.
- 21არავითარი ლეში არ ჭამოთ; თქვენს შორის მყოფ მდგმურს მიეცით და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ; რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში.
- 22ყოველწლიურად მინდვრის ნათესის მთელი მოსავლის მეათედი გამოყავით,
- 23და ჭამეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც თვითონ ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად: თქვენი მარცვლეულის, ღვინის და ზეთის მეათედი; თქვენი საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი, რათა ისწავლოთ უფლის, თქვენი ღმერთის შიში სამუდამოდ.
- 24თუ შორია გზა თქვენგან და ვერ შეძლებთ მის ზიდვას, იმ ადგილის სიშორის გამო, რომელიც ამოირჩია უფალმა, თქვენმა ღმერთმა, როდესაც გაკურთხებთ უფალი, ღმერთი თქვენი,
- 25მაშინ ფულზე გადაცვალეთ, აიღეთ ეს ფული და წადით იმ ადგილზე, რომელიც ამოირჩია უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
- 26შეიძინეთ ამ ფულით ყველაფერი, რასაც ისურვებთ: ძროხა, ცხვარი, ღვინო თუ მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც ინატრებთ და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა.
- 27არ მიატოვოთ თქვენს მხარეში მყოფი ლევიანი, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს მას თქვენთან.
- 28სამი წლის მიწურულს გამოიტანეთ იმ წლის მოსავლის მეათედი და დადეთ კარიბჭესთან.
- 29მოვა ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრებელი თქვენთან, მოვა მწირი, ობოლი და ქვრივი, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, ჭამენ და გაძღებიან, რათა გაკურთხოთ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რომლისკენაც ხელს გაიწვდი.
იტვირთება შემდეგი თავი