მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1"ყოველი მეშვიდე წლის მიწურულს გამოაცხადე პატიება.
- 2აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, ვისაც უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნუ მოსთხოვს თავის მოყვასს ან ძმას, რადგან პატიება ცხადდება უფლის სახელით.
- 3უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი - აპატიე.
- 4თუმცა არავინ იქნება შენს შორის ღარიბი, რადგან ფრიად გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
- 5ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა შეასრულო ყველა ის მცნება, რომელსაც გიბრძანებ დღეს.
- 6რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც აღგითქვა და ასესხებ მრავალ ხალხს, თვითონ კი არ ისესხებ. იბატონებ მრავალ ხალხზე, შენზე კი არავინ იბატონებს.
- 7თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ;
- 8არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება.
- 9გაფრთხილდი, გულში არ შეგეპაროს ბოროტი ფიქრი და არ თქვა: მოახლოვდა მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ ძმას და არაფერს მისცემ; შეჰღაღადებს იგი უფალს შენზე და ცოდვა დაგედება.
- 10მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას, რადგან გაკურთხებს ამისთვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში და ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ.
- 11რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.
- 12თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე.
- 13როცა გაათავისუფლებ - ხელცარიელი არ გაუშვა:
- 14დაასაჩუქრე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან მიეცი.
- 15გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ დღეს ამ სიტყვას.
- 16და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა,
- 17მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი.
- 18ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან; და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერში, რასაც გააკეთებ.
- 19მიუძღვენი უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმონაგები მამრი, რაც დაიბადება შენს წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელში; პირველმონაგებ ხარს ნუ ამუშავებ და ნუ გაპარსავ შენი ფარის პირველმონაგებს.
- 20ჭამეთ იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველწლიურად შენ და შენმა სახლეულმა, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
- 21თუ რამ ნაკლი აღმოაჩნდეს, სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ხინჯი, ნუ შესწირავ მას უფალს, შენს ღმერთს.
- 22თქვენ საცხოვრებელში შეჭამეთ იგი; უწმიდურმაც და განწმედილმაც ჭამოს იგი, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამთ.
- 23ოღონდ მისი სისხლი არ ჭამოთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე”.
იტვირთება შემდეგი თავი