მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 16

  1. 1
    "დაიცავით აბიბის თვე და აღასრულეთ უფლის, თქვენი ღმერთის პასექი; რადგან აბიბის თვეში, ღამით გამოგიყვანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან.
  2. 2
    დაკალით საპასექო უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ფარიდან ან ჯოგიდან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი თავის სამკვიდრებლად.
  3. 3
    არ ჭამოთ მასთან ერთად საფუარიანი; ჭამეთ შვიდი დღე მასთან ერთად ხმიადი - გაჭირვების პური, ვინაიდან ჩქარობდი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლისას, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე.
  4. 4
    შვიდი დღის განმავლობაში ნუ იქონიებთ საფუარიანს მთელ თქვენს სამკვიდრებელში და დილამდე არ მოიტოვოთ პირველი დღის საღამოს შენაწირი ხორციდან.
  5. 5
    გეკრძალებათ საპასექოს დაკვლა უფლის, თქვენი ღმერთის მიერ საცხოვრებლად მოცემულ რომელიმე მხარეში,
  6. 6
    გარდა იმ ადგილისა, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, იქ დაკალით საპასექო საღამოს, მზის ჩასვლისას, რა დროსაც გამოხვედით ეგვიპტიდან.
  7. 7
    მოხარშეთ და ჭამეთ იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი; განთიადისას გაბრუნდით და წადით თქვენს კარვებში.
  8. 8
    ჭამეთ ხმიადი ექვსი დღე და მეშვიდე დღეს კი უფლის, თქვენი ღმერთის დღესასწაულია; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
  9. 9
    გადაითვალეთ თქვენთვის შვიდი შვიდეული; ნამგლით მკის დაწყებიდან აითვალეთ შვიდი შვიდეული.
  10. 10
    იზეიმეთ შვიდეულის დღესასწაული, უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, საკუთარი ნებით გაღებულით, იმის მიხედვით, როგორც გაკურთხებთ უფალი, თქვენი ღმერთი.
  11. 11
    გაიხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენ შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასამკვიდრებლად.
  12. 12
    გახსოვდეთ, რომ მონები იყავით ეგვიპტეში, დაიცავით და აღასრულეთ ეს წესები.
  13. 13
    იზეიმეთ კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როცა მორჩებით კალოსა და საწნახელის საქმეს.
  14. 14
    გაიხარეთ დღესასწაულებზე თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენს შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა.
  15. 15
    შვიდ დღეს იზეიმეთ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც თვითონ ამოირჩევს, ვინაიდან გაკურთხებთ უფალი, თქვენი ღმერთი მოსავლითა და ყოველგვარი ნაშრომით და სულ იმხიარულებთ.
  16. 16
    წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი თქვენი მამაკაცი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს იგი, უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის დღესასწაულზე; ხელცარიელი არავინ მივიდეს უფლის წინაშე.
  17. 17
    თითოეულმა იქიდან უძღვნას უფალს, თავის ღმერთს, რაც მიცემული აქვს.
  18. 18
    მსაჯულები და გამგებელნი დაუდგინეთ ყოველ ქალაქს, რომელსაც აძლევს უფალი, თქვენი ღმერთი თქვენს ტომებს, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი.
  19. 19
    არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.
  20. 20
    სამართალს, სამართალს მისდიეთ, რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.
  21. 21
    არავითარი ხე არ დაირგოთ აშერად, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოსთან, რომელსაც აიშენებთ თქვენთვის.
  22. 22
    ნურც სვეტებს აღმართავთ, რადგან სძულს ეს უფალს, თქვენს ღმერთს.
იტვირთება შემდეგი თავი