მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1"არ შესწირო უფალს, შენს ღმერთს, ისეთი ხარი ან კრავი, რომელსაც ნაკლი აქვს, ან რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
- 2თუ შენს შორის, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ისეთი მამაკაცი ან დედაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ბოროტებას სჩადის უფლის, შენი ღმერთის თვალში და არღვევს მის აღთქმას,
- 3წავა და ემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ: ან მზეს ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია;
- 4მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიძიებ და, აჰა, სრული სიმართლე აღმოჩნდება - მართლა მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,
- 5მაშინ გაიყვანე ქალაქის კარიბჭესთან ის მამაკაცი ან დედაკაცი, რომელმაც ჩაიდინა ეს ბოროტება, ჩაქოლე და მოკვდეს.
- 6ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვის მიხედვით უნდა მოკვდეს მოსაკლავი; ერთი მოწმის სიტყვის მიხედვით არ უნდა მოკვდეს.
- 7პირველად მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე მის მოსაკლავად და მერე - მთელი ხალხის ხელი; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან.
- 8თუ შენს ქალაქში ძნელი საქმე გაქვს განსასჯელად სისხლსა და სისხლს შორის, მსჯავრსა და მსჯავრს შორის, წყლულსა და წყლულს შორის, სადავო საქმეები, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.
- 9მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას.
- 10მოიქეცი იმ გადაწყვეტილებისამებრ, რასაც გამოგიცხადებენ იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა და შეასრულე ყველაფერი, რასაც გასწავლიან;
- 11მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გასწავლიან და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან; ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ იმ სიტყვიდან, რომელსაც გამოგიცხადებენ.
- 12კაცი, რომელიც გაკადნიერდება და არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე მომსახურე მღვდელს ან მსაჯულს, დაე, მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
- 13გაიგონებს მთელი ხალხი, შეშინდება და აღარ გაკადნიერდება.
- 14როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ მას, დასახლდები და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ერებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო.
- 15ის კაცი დაისვი მეფედ, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი ამოირჩევს: შენი ძმების წიაღიდან დაისვი მეფე; უფლება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც არ არის შენი მოძმე.
- 16ოღონდ არ გაიმრავლოს მეფემ ცხენები და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად, რადგან გიბრძანათ უფალმა, აღარ დაბრუნდეთო ამ გზით;
- 17ნუ გაიმრავლებს ცოლებს, რომ არ გადაუხვიოს მისმა გულმა და მეტისმეტად არ გაიმრავლოს ვერცხლი და ოქრო,
- 18და როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისგან.
- 19ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.
- 20რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში თვითონაც და მისი ძენიც ისრაელის წიაღში.
იტვირთება შემდეგი თავი