მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1"როცა შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, ნუ აერიდები: აუცილებლად დაუბრუნე ისინი შენს ძმას.
- 2თუ შორსაა შენგან ან არ იცნობ მას, მაშინ სახლში წაასხი საქონელი და იყოს იქ, ვიდრე მოაკითხავს პატრონი. მაშინ დაუბრუნე.
- 3ასევე მოექეცი მის სახედარს, სამოსელს და ყოველ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ვინმე, შენ კი იპოვი; ნუ აერიდები.
- 4როცა გზაზე დაცემულ სახედარს ან ხარს დაინახავ, ნუ აერიდები მათ, წამოაყენე ისინი.
- 5დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი არ ჩაიცვას და მამაკაცი ქალის სამოსით არ შეიმოსოს, რადგან საზიზღარია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას სჩადის.
- 6ფრინველის ბარტყებიან ან კვერცხებიან ბუდეს თუ წააწყდები გზაზე - ხეზე ან მიწაზე, დედაც იჯდეს ბარტყებზე ან კვერცხებზე, შვილებითურთ ნუ აიყვან მას,
- 7გაუშვი დედა, შვილები კი თან წაიყვანე, რათა კარგად იყო და იდღეგრძელო.
- 8როცა ახალ სახლს აიშენებ, მოაჯირი გაუკეთე ბანს, რათა ვინმე არ ჩავარდეს და სისხლი არ დაიღვაროს შენს სახლში.
- 9ორნაირ თესლს ნუ დათესავ შენს ვენახში, რათა არ წაიბილწოს შენს მიერ დათესილი თესლის ნაყოფი და ვენახის მოსავალი.
- 10ხარითა და ვირით ერთად ნუ მოხნავ.
- 11მატყლისა და სელის ნარევი ქსოვილი არ ჩაიცვა.
- 12ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე შენს მოსასხამს, რომლითაც იმოსები.
- 13თუ ვინმე ცოლს შეირთავს, დაწვება მასთან და მერე მოიძულებს მას,
- 14ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,
- 15მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.
- 16უთხრას ყმაწვილქალის მამამ უხუცესებს: ცოლად მივეცი ამ კაცს ჩემი ასული, მან კი მოიძულა იგი.
- 17აჰა, ცილი დასწამა, ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ასული; აი, ნიშანი ჩემი ასულის ქალწულობისა. და გაშალოს სამოსი ქალაქის უხუცესთა წინაშე.
- 18მაშინ ადგნენ იმ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი;
- 19ასი ვერცხლით დააჯარიმონ იგი და მისცენ ყმაწვილქალის მამას, რადგან ცუდი ხმა გაავრცელა ისრაელიან ქალწულზე; და დარჩება იგი მის ცოლად: ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
- 20ხოლო თუ ნათქვამი მართალი გამოდგა და ყმაწვილქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
- 21გამოიყვანონ იგი თავისი მამის სახლის კართან და სასიკვდილოდ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან სამარცხვინოდ მოიქცა ისრაელში - იმრუშა მამამისის სახლში; ასე ამოშანთავთ თქვენგან ბოროტს.
- 22თუ ქმრიან ქალთან წოლისას წაასწრებენ კაცს, ორივენი მოკვდნენ: ამ ქალთან მწოლი კაციც და ქალიც; ამოშანთეთ ბოროტი ისრაელისგან.
- 23მამაკაცთან დანიშნულ ახალგაზრდა ქალწულს რომ შეხვდეს ვინმე ქალაქში და დაწვეს მასთან,
- 24მაშინ იმ ქალაქის კარიბჭესთან გამოიყვანეთ ორივე და სასიკვდილოდ ჩაქოლეთ: ყმაწვილქალი იმისთვის, რომ კივილით არ უხმო მშველელს, მამაკაცი კი იმისთვის, რომ თავისი მოყვასის ცოლს ნამუსი ახადა; ასე ამოშანთავთ ბოროტს თქვენგან.
- 25ხოლო თუ მინდორში შეხვდება ვინმე დანიშნულ ყმაწვილქალს, და ძალით დაწვება მასთან, მხოლოდ კაცი მოიკლას, რომელმაც გააუპატიურა ქალი.
- 26ყმაწვილქალს კი ნურაფერს დაუშავებთ: ცოდვა არ ჩაუდენია მას, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოყვასზე აღდგეს და მოკლას;
- 27მინდორში შეხვდა მას და რომც ეკივლა ყმაწვილქალს, ვერავინ მიეშველებოდა.
- 28თუ კაცი ისეთ ქალწულს შეხვდება, რომელიც დანიშნული არ არის, შეიპყრობს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,
- 29მისცეს ქალთან ნაწოლმა კაცმა ყმაწვილქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და გახდეს ქალი იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას და ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
- 30მამამისის ცოლი არავინ შეირთოს და არ გადაწიოს თავისი მამის კალთა.
იტვირთება შემდეგი თავი