მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1"ვერ შევა კვერცხებდაზიანებული და ასომოკვეთილი უფლის კრებულში.
- 2ვერ შევა ნაბუშარი უფლის კრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში.
- 3ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,
- 4რადგან პურითა და წყლით არ შემოგეგებნენ გზაზე, როცა გამოხვედი ეგვიპტიდან და დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბილყამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად.
- 5არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ბილყამის მოსმენა და წყევლა კურთხევად შეგიცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა უფალმა, შენმა ღმერთმა.
- 6ნურასდროს ეძიებ მათთვის მშვიდობასა და კეთილდღეობას, მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.
- 7ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი; ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში;
- 8ძეებს, რომლებიც მესამე თაობაში შეეძინებათ მათ, შეეძლებათ უფლის კრებულში შესვლა.
- 9როცა დაბანაკდები მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველგვარ ბოროტებას.
- 10თუ იქნება თქვენს შორის კაცი, რომელიც ღამით გამონადენით გაუწმიდურდა, გავიდეს ბანაკის გარეთ და არ შემოვიდეს მასში.
- 11საღამო ჟამს წყლით განიბანოს, მზის ჩასვლისას კი შევიდეს ბანაკში.
- 12ადგილი იქონიე ბანაკის გარეთ და გადი იქ,
- 13ნიჩაბიც იქონიე სარტყელში იარაღთან ერთად და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი;
- 14რადგან უფალი, შენი ღმერთი დადის ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები; ამიტომ წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ რაიმე უწმიდური არ იხილოს მან შენში და ზურგი არ გაქციოს.
- 15არ გადასცე თავის ბატონს მონა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს;
- 16იცხოვროს შენთან, შენს გვერდით, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება; არ შეავიწროვო იგი.
- 17ნუ იქნება მეძავი ისრაელის ასულთაგან და ისრაელის ძეთაგან.
- 18არავითარი აღთქმისთვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
- 19ვახშით არ მისცე შენს მოძმეს, არც ფული, არც საჭმელი და არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება.
- 20უცხოტომელზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს ნუ მისცემ ვახშით, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ნაამაგარი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
- 21თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დააყოვნო მისი ასრულება, რადგან მოგკითხავს მას უფალი, შენი ღმერთი, და შენზე იქნება ცოდვა.
- 22თუ არ დადებ აღთქმას, არ იქნება შენზე ცოდვა.
- 23დაიცავი შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და აღასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით.
- 24როცა შენი მოყვასის ვენახში შეხვალ, ჭამე ყურძენი გაძღომამდე, რამდენიც გენდომება, ჭურჭელში კი ნუღარ ჩაიწყობ.
- 25როცა შენი მოყვასის სამკალში მიხვალ, ხელით მოწყვიტე თავთავები, მაგრამ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
იტვირთება შემდეგი თავი