მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1"როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში - დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.
- 2დატოვებს ქალი მის სახლს, წავა და გახდება სხვა კაცის ცოლი;
- 3თუ მეორე ქმარმაც მოიძულა იგი, დაუწერა განქორწინების წერილი, მისცა და გაუშვა თავისი სახლიდან ან მოუკვდა ეს მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად შეირთო ქალი,
- 4პირველ ქმარს, რომელსაც გაშვებული ჰყავდა, აღარ შეუძლია მისი ხელახლა ცოლად შერთვა, მას შემდეგ, რაც წაიბილწა იგი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე; ნუ ჩააგდებთ ცოდვაში ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი.
- 5თუ ცოლი ახალი შერთული ყავს კაცს, ლაშქარში ნუ გააგზავნით და ნურაფერს დაავალებთ; იყოს ერთი წელი თავისუფლად თავის სახლში და გაახაროს ცოლი, რომელიც შეირთო.
- 6ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ.
- 7თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც თავისი მოძმე ისრაელიანი გაიტაცა, დაიმონა და გაყიდა, დაე მოკვდეს გამტაცებელი; ასე ამოშანთეთ ბოროტი თქვენგან.
- 8გაფრთხილდი, გულდასმით და იცავი კეთროვნების წყლულის მთელი რჯული, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები; როგორც მე ვუბრძანე მათ, ისე დაიცავით და აღასრულეთ.
- 9გახსოვდეს, რა უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას.
- 10თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,
- 11გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.
- 12თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს.
- 13დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
- 14ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.
- 15იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.
- 16ნუ მოკვდებიან მამები შვილების ცოდვებისთვის და შვილები - მამების ცოდვებისთვის; კაცი მხოლოდ თავისი ცოდვების გამო უნდა მოკვდეს.
- 17ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.
- 18გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში და იქიდან გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
- 19ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა.
- 20როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
- 21როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
- 22გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში, ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
იტვირთება შემდეგი თავი