მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1"როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
- 2ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
- 3არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
- 4რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
- 5ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
- 6რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
- 7იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
- 8არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
- 9იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
- 10მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
- 11დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
- 12თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
- 13შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
- 14კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
- 15მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
- 16შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
- 17თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
- 18არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
- 19ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
- 20კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
- 21არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
- 22თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
- 23გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
- 24ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
- 25ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
- 26ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
იტვირთება შემდეგი თავი