მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1"იფხიზლე, რომ აღასრულო ყოველი მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა იცოცხლო და გამრავლდე, მიხვიდე და დაიმკვიდრო მიწა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
- 2გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.
- 3გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და მანნას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენმა მამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
- 4სამოსი არ გაცვდებოდა ტანზე და ფეხი არ გისივდებოდა ამ ორმოცი წლის განმავლობაში.
- 5იცოდე შენს გულში, როგორც თავის ძეს წვრთნის კაცი, ისე გწვრთნის უფალი, შენი ღმერთი.
- 6დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა იარო მისი გზებით და გეშინოდეს მისი.
- 7ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;
- 8ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
- 9ქვეყანაში, სადაც შეჭირვებით არ შეჭამ პურს და არაფერი მოგაკლდება; მიწაზე, რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძს გამოჰკვეთ.
- 10შეჭამ, გაძღები და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კეთილ მიწაზე, რომელიც მოგცა.
- 11გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი; არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი და დადგენილებანი, რომელთაც გამცნებ,
- 12როცა შეჭამ და გაძღები, აიშენებ მშვენიერ სახლებს და იცხოვრებ მათში,
- 13როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება;
- 14ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
- 15რომელმაც გამოგატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, ცეცხლოვან გველებსა და მორიელებში, გვალვებსა და უწყლობაში და სალი კლდიდან გადმოგიჩქეფა წყალი.
- 16გკვებავდა უდაბნოში მანნით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რომ თავმდაბლობა ესწავლებინა შენთვის და გამოეცადე, რათა ბოლოს სასიკეთოდ მოგწეოდა;
- 17რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემი მკლავის ძლიერებამ მომიტანაო ეს ქონება!
- 18უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,
- 19და თუ ოდესმე დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და უცხო ღმერთებს დაუწყებ სამსახურსა და თაყვანისცემას, მაშინ ვამოწმებ დღეს შენს წინაშე, რომ უცილობლად დაიღუპები!
- 20იმ ხალხებივით დაიღუპები, რომელთაც შენს წინაშე ღუპავს უფალი, თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
იტვირთება შემდეგი თავი