ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ ოლქზე მეფობდა.
  2. 2
    იმ დღეებში, როცა მეფე ახაშვეროში თავის სამეფო ტახტზე იჯდა, შუშანის სასახლეში,
  3. 3
    თავისი მეფობის მესამე წელს, ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურთ. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის მხედართმთავარნი, დიდებულნი და ოლქთა მთავარნიც მის წინაშე ისხდნენ.
  4. 4
    ას ოთხმოცი დღის განმავლობაში აჩვენებდა თავისი დიდი სამეფოს სიმდიდრესა და სიდიადის ბრწყინვალებას.
  5. 5
    ამ დღეთა დასასრულს კი მეფემ შუშანის სასახლეში მყოფი ყველა ხალხისთვის შვიდდღიანი ნადიმი მოაწყო სამეფო სასახლის ეზოში.
  6. 6
    ლაჟვარდოვანი და თეთრი ბამბეულის ქსოვილები მეწამული ბისონის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის ტახტრევნები იდგა ალისფერი ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე.
  7. 7
    სასმელს ოქროს მრავალფერი სასმისებით სვამდნენ; სამეფო ღვინო კი უხვად იყო მეფური ხელგაშლილობისამებრ.
  8. 8
    როგორც წესი, ძალდატანების გარეშე სვამდნენ, რადგან ასე დაავალა მეფემ თავის სახლმმართველებს, რომ თითოეულს თავისი სურვილისამებრ მოქცეოდნენ.
  9. 9
    დედოფალმა ვაშთიმაც მოაწყო ნადიმი ბანოვანთათვის ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.
  10. 10
    მეშვიდე დღეს, როცა მეფის გული ღვინით გამხიარულდა, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს, მეფე ახაშვეროშის მომსახურე შვიდ საჭურისს,
  11. 11
    რომ მეფის წინაშე მოეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და დიდებულებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო იგი.
  12. 12
    მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.
  13. 13
    დაეკითხა მეფე დრო-ჟამის მცოდნე ბრძენკაცთ, რადგან ასე სჩვეოდა მეფეს საქმის გადაწყვეტა, კანონისა და სამართლის ყოველი მცოდნის წინაშე.
  14. 14
    მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის სახის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი.
  15. 15
    "როგორ მოვექცეთ დედოფალ ვაშთის კანონით იმისთვის, რომ არ აღასრულა საჭურისების პირით შეთვლილი მეფე ახაშვეროშის ბრძანება?”
  16. 16
    თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: "არა მარტო მეფის წინაშე დააშავა დედოფალმა ვაშთიმ, არამედ ყველა მთავრისა და იმ ხალხთა წინაშე, მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში რომ ცხოვრობენ.
  17. 17
    გაიგებენ დედოფლის ამბავს დედაკაცები და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს; იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა მის წინაშე დედოფალ ვაშთის მიყვანა ბრძანა, ის კი არ მივიდაო.
  18. 18
    სპარსეთისა და მიდიის მთავართა ცოლებიც, ვინც გაიგებს დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს და მრავლად შეგვხვდება დამცირება და წყენა.
  19. 19
    თუ ინებებს მეფე, გასცეს სამეფო განკარგულება, რომ სპარსეთისა და მიდიის კანონებში ჩაიწეროს და არ შეიცვალოს: აღარასოდეს შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე, მისი დედოფლობა კი, მეფემ სხვას, მასზე ღირსეულს მისცეს.
  20. 20
    მეფის განკარგულება მთელ მის ვრცელ სამეფოში გამოცხადდება და ყოველი დედაკაცი, დიდიდან მცირემდე, პატივისცემით მოექცევა თავის ქმარს”.
  21. 21
    მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს და მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე,
  22. 22
    ყველა მხარეში დაიგზავნა წერილები - ყოველ ოლქს თავისი დამწერლობით; და ეუწყა ყოველ ხალხს თავის ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ იმ ერში, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში.
იტვირთება შემდეგი თავი