ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ამ ამბების შემდეგ, როცა დაცხრა მეფე ახაშვეროშის რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.
- 2და თქვეს მეფის გარემოცვამ, მისმა მსახურებმა: "მოუძებნონ მეფეს ყმაწვილი ლამაზი ქალწულები.
- 3დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რათა შეკრიბონ ყველა ლამაზი და ყმაწვილი ქალწული შუშანში, სატახტო ქალაქში, ქალთა სახლში და ჩააბარონ ჰეგეს, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს და დაურიგოს მათთვის საჭირო ნელსაცხებლები.
- 4ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად!” მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
- 5იყო ერთი ებრაელი კაცი სატახტო ქალაქ შუშანში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,
- 6რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან და იმ ტყვეებთან ერთად, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ.
- 7მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.
- 8როცა მეფის ბრძანებითა და განკარგულებით მრავალ ყმაწვილქალს მოუყარეს თავი სატახტო ქალაქ შუშანში და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს.
- 9მოეწონა მას ყმაწვილქალი და მადლი ჰპოვა ჰეგეს თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის განკუთვნილი ნელსაცხებელი და მისი წილი საზრდო; მეფის სახლიდან შვიდი საუკეთესო მხევალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო სადგომში გადაიყვანა, თავის მხევლებთან ერთად.
- 10არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ხალხი და წარმომავლობა, რადგან ასე დაარიგა მორდექაიმ.
- 11ყოველდღე მიმოდიოდა მორდექაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ ესთერის მდგომარეობა და ამბავი გაეგო.
- 12თორმეტი თვის შემდეგ მოუწევდა ყმაწვილქალს მეფე ახაშვეროშთან შესვლის რიგი, როგორც ქალებისთვის იყო დაწესებული, რადგან მანამდე ექვსი თვე მურის ზეთით ზელდნენ და ექვსი თვე _ სურნელებებით და ქალთა ნელსაცხებლებით.
- 13ამის შემდეგ შედიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და რაც არ უნდა მოეთხოვა ქალთა სახლიდან მეფის სახლში მიმავალს, გაატანდნენ ხოლმე.
- 14საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, შაყაშგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით; ვეღარ შევიდოდა მეფესთან, თუ თვითონ მეფე არ მოისურვებდა მას და სახელდებით არ დაუძახებდა.
- 15როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა ჰეგემ ურჩია. და მადლი ჰპოვა ესთერმა ყველა მისი მხილველის თვალში.
- 16მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.
- 17ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და ყველა ქალწულზე მეტი მადლი და სიკეთე ჰპოვა მეფის თვალში. დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
- 18გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისა და მსახურისთვის, გადასახადები შეუმსუბუქა სამთავროებს და საჩუქრები გასცა მეფური გულუხვობით.
- 19როცა მეორედ შეკრიბეს ქალწულები, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი,
- 20ჯერ კიდევ არ ამჟღავნებდა ესთერი თავის წარმომავლობასა და ხალხს, როგორც მორდექაის ჰქონდა ნათქვამი. ისევე ასრულებდა მორდექაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მისი მზრუნველობის ქვეშ იყო.
- 21იმ დღეებში, როდესაც მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი, გაბრაზდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, მისი კარის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჩაიდეს გულში.
- 22შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მეფეს მოახსენა მორდექაის სახელით.
- 23გამოიძიეს ეს საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. და ჩაიწერა ეს მეფის წინაშე, მატიანის წიგნში.
იტვირთება შემდეგი თავი