ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, აღამაღლა იგი და მისი ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა დაადგმევინა, მასთან რომ იყვნენ.
  2. 2
    მეფის ყველა მსახური, რომელიც სამეფო კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი ბრძანება გასცა მეფემ. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა.
  3. 3
    ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომლებიც სამეფო კარიბჭესთან იყვნენ, "რატომ არღვევ მეფის ბრძანებას?”
  4. 4
    ყოველდღე ეუბნებოდნენ, ის კი ყურს არ უგდებდა მათ; მაშინ უთხრეს ეს ჰამანს, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა მორდექაი თავის სიტყვაზე, რადგან ნათქვამი ჰქონდა, ებრაელი ვარო.
  5. 5
    იხილა ჰამანმა, რომ არ უჩოქებს და არც თაყვანს სცემს მას მორდექაი და აღივსო რისხვით ჰამანი.
  6. 6
    ითაკილა მხოლოდ მორდექაის ხელყოფა; რაკი იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ, ამიტომ ახაშვეროშის მთელ სამეფოში მცხოვრები ყველა ებრაელის, მორდექაის ხალხის მთლიანად განადგურება განიზრახა ჰამანმა.
  7. 7
    პირველი თვიდან, რომელიც ნისანის თვეა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს, რათა განესაზღვრათ დღე და თვე, და ხვდა წილი მეთორმეტე თვეს, რომელიც ადარის თვეა.
  8. 8
    უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: "არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება.
  9. 9
    თუ ინებებს მეფე, დაიწეროს ბრძანება მათი მოსპობის შესახებ და ათი ათას ტალანტ ვერცხლსაც მივუწონი მეფის მოხელეებს, რომ შეიტანონ მეფის საგანძურში”.
  10. 10
    გაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ჰამანს, აგაგელი ჰამედათას ძეს, ებრაელთა მტერს.
  11. 11
    მიუგო მეფემ ჰამანს: "ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი”.
  12. 12
    მოუხმეს მეფის მწერალთ პირველ თვეში, მეცამეტე დღეს და დაიწერა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა ჰამანმა მეფის სატრაპთ და ოლქის განმგებელთ, ყოველი ოლქის მთავარს თავისი დამწერლობით და ყველა ხალხს მათ ენაზე; მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და მეფის ბეჭედით დაიბეჭდა.
  13. 13
    წარიგზავნა წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროში, რათა ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც იყო ადარის თვე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი - ჩვილიდან მოხუცამდე, ბავშვი და ქალი - და ნადავლად დაეტაცათ მათი ქონება.
  14. 14
    წერილის პირი კანონად უნდა მიეღოთ ყოველ სამთავროში, და ყველასთვის უნდა გამოეცხადებინათ, რომ დათქმული დღისთვის მომზადებულიყვნენ.
  15. 15
    სწრაფად გავიდნენ მალემსრბოლნი მეფის ბრძანებით და გამოცხადდა განკარგულება შუშანში, სატახტო ქალაქში. და დასხდნენ მეფე და ჰამანი დასალევად, ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა.
იტვირთება შემდეგი თავი