ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1შეიტყო მორდექაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და შუაგულ ქალაქში გავიდა; ხმამაღლა მოსთქვამდა და მწარედ ღაღადებდა.
- 2მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან ჯვალოთი შემოსილი ვერავინ შევიდოდა მეფის კარიბჭეში.
- 3ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ გამართული ებრაელებს, მარხვა, გოდება და ქვითინი; ბევრს ქვეშ ჯვალო და ნაცარი ეგო.
- 4მივიდნენ ესთერთან მისი მხევლები და საჭურისები და უამბეს ეს ამბავი. დიდად დამწუხრდა დედოფალი. სამოსელი გაუგზავნა, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.
- 5მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მეფემ მიუჩინა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა ხდებოდა.
- 6და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ.
- 7უამბო მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და იმ ვერცხლის ზუსტი რაოდენობაც აუწყა, რომელიც ჰამანს უნდა შეეტანა მეფის საუნჯეში იუდეველთა მოსასპობად.
- 8დაწერილი განკარგულების პირიც გადასცა, შუშანში რომ გაიცა მათ გასანადგურებლად, რათა ესთერისთვის ეჩვენებინა და ყველაფერი ეამბნა; დაავალა ესთერს, რომ მეფესთან მისულიყო, შევედრებოდა და წყალობა გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.
- 9მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის სიტყები.
- 10ელაპარაკა ესთერი ჰათაქს და დააბარა მორდექაისთან:
- 11"მეფის ყველა მსახურმა და სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, კანონის თანახმად ერთი სასჯელი - სიკვდილი ელის; მხოლოდ ის იცოცხლებს, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც თავისთან არ მივუხმივარ მეფეს”.
- 12და გადასცეს მორდექაის ესთერის სიტყვები.
- 13შეუთვალა მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ: "ნუ იფიქრებ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები ებრაელთაგან მეფის სახლში.
- 14რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”
- 15და მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:
- 16"წადი და შეკრიბე შუშანის მთელი ებრაელობა, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად და ისე მივალ მეფესთან, თუმცა ამით წესს დავარღვევ; თუ დავიღუპები, დავიღუპო!”
- 17წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ესთერმა.
იტვირთება შემდეგი თავი