ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    შეიმოსა ესთერმა დედოფლის სამოსი მესამე დღეს და მეფის სასახლის შიდა ეზოში, სასახლის პირდაპირ დადგა; მეფე კი სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
  2. 2
    მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი რომ დაინახა, მადლი ჰპოვა მის თვალში; და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა; მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო.
  3. 3
    ჰკითხა მეფემ: "რაო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!”
  4. 4
    მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ჰამანთან ერთად მოვიდეს დღეს ნადიმზე, რომელიც მისთვის მოვამზადე”.
  5. 5
    თქვა მეფემ: "დააჩქარეთ ჰამანი, რათა აღსრულდეს ესთერის სიტყვა!” და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოამზადა ესთერმა.
  6. 6
    ჰკითხა ესთერს მეფემ ღვინის სმისას: "რა სათხოვარი გაქვს? თქვი და მოგეცემა. ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, აღსრულდება!”
  7. 7
    მიუგო ესთერმა: "აი, ჩემი სახვეწარი და სათხოვარი:
  8. 8
    თუ მადლი ვპოვე მეფის თვალში და ინებებს მეფე ჩემი სურვილის შესრულებას და სათხოვრის მოცემას, ხვალ მოვიდეს მეფე ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელსაც მოვამზადებ. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ!”
  9. 9
    გახარებული და კმაყოფილი გამოვიდა იმ დღეს ჰამანი, მაგრამ როცა მეფის კარიბჭესთან მჯდარი მორდექაი დაინახა, რომელიც არ წამოუდგა და არც განძრეულა მის წინაშე, რისხვით აღივსო ჰამანი მორდექაიზე.
  10. 10
    მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა, სახლში მივიდა, გაგზავნა და მოაყვანინა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი.
  11. 11
    და უამბო მათ ჰამანმა თავის სიმდიდრესა და მრავალრიცხოვან ძეებზე; როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღამაღლა მთავრებსა და მეფის სხვა მსახურებზე მეტად.
  12. 12
    თქვა ჰამანმა: "თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია თავის მომზადებულ ნადიმზე! ხვალაც მასთან ვარ მიწვეული მეფესთან ერთად.
  13. 13
    და მაინც, ეს ყოველივე არაფრად მიღირს, სანამ სამეფო კარიბჭესთან მჯდარ ებრაელ მორდექაის ვხედავ!”
  14. 14
    მიუგო მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მეგობარმა: "გაამზადებინე მაღალი, ორმოცდაათწყრთიანი ძელი და უთხარი დილით მეფეს, რომ ჩამოკიდონ მასზე მორდექაი. შენ კი მეფესთან ერთად მხიარული წადი ნადიმზე”. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და გაამზადებინა ძელი.
იტვირთება შემდეგი თავი