ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს და ბრძანა, მატიანეთა სამახსოვრო წიგნი მოეტანათ და წაეკითხათ მისთვის.
  2. 2
    და აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მორდექაიმ ბიგთანი და თერეში, მეფის ის ორი საჭურისი, კარის მცველნი, რომელთაც ხელის აღმართვა განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე.
  3. 3
    იკითხა მეფემ: "რა პატივი და დიდება მიაგეს მორდექაის ამ ღვაწლისთვის?” მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: "არაფერი მიუგიათ მისთვის”.
  4. 4
    თქვა მეფემ: "ვინ არის ეზოში?” ჰამანი შემოსულიყო მეფის სასახლის გარე ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მორდექაი მისთვის გამზადებულ ძელზე.
  5. 5
    და მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: "აჰა, ჰამანი დგას ეზოში”. თქვა მეფემ: "შემოვიდეს”.
  6. 6
    შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: როგორ უნდა მოვექცეთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს?” თქვა გულში ჰამანმა: "ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?”
  7. 7
    და მიუგო ჰამანმა მეფეს: "კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს,
  8. 8
    უნდა მიართვან სამეფო შესამოსელი, რომელიც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როდესაც სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.
  9. 9
    მიართვან შესამოსელი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულმა მთავრებმა და მათ შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადონ მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”
  10. 10
    უბრძანა ჰამანს მეფემ: "იჩქარე, აიღე შესამოსელი და ცხენი, და როგორც თქვი ისე მოექეცი ებრაელ მორდექაის, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლო შენს ნათქვამს”.
  11. 11
    აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ცხენზე შესვა, წარუძღვა ქალაქის მოედნამდე და თან აცხადებდა მის წინაშე: "ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”
  12. 12
    დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი მგლოვიარე და თავდაბურული გაეშურა შინისკენ.
  13. 13
    და უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლსა და ყველა მეგობარს, ყოველივე, რაც შეემთხვა. უთხრეს მრჩევლებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: "თუ ებრაელთა მოდგმის არის მორდექაი, რომლის გამოც ემხობი, ვერაფერს გახდები, უსათუოდ დაეცემი მის წინაშე”.
  14. 14
    ჯერ კიდევ ელაპარაკებოდნენ, რომ მეფის საჭურისები მოვიდნენ და სასწრაფოდ ესთერის მომზადებულ ნადიმზე წაიყვანეს ჰამანი.
იტვირთება შემდეგი თავი