ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს ებრაელთა მტრის, ჰამანის სახლი. მორდექაი კი მეფის წინაშე წარსდგა, რადგან გაუმხილა ესთერმა, ვინ იყო იგი მისთვის.
- 2წაიძრო მეფემ ჰამანისთვის ჩამორთმეული ბეჭედი და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სასახლის განმგებლად დანიშნა მორდექაი.
- 3კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხთით და ტირილით ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტება და მისი განზრახვა, რომელიც ებრაელთა წინააღმდეგ განიზრახა.
- 4გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.
- 5თქვა: "თუ ინებებს მეფე, თუ მადლი მიპოვია მის წინაშე, თუ მისაღებია ეს საქმე მეფისთვის და მეც სათნო ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს აგაგელი ჰამან ჰამედათას ძის მიერ მეფის ყველა სამთავროში მცხოვრებ ებრაელთა გასანადგურებლად შეთხზულ წერილებს.
- 6რადგან, როგორ ვუყურო იმ ბოროტებას, რაც ჩემს ხალხს უნდა შეემთხვას? როგორ ვუყურო ჩემიანების დაღუპვას?”
- 7და უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და მორდექაი ებრაელს: "აჰა, მე მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან ებრაელებზე აღმართა ხელი.
- 8თქვენ კი მეფის სახელით დაწერეთ და მეფის ბეჭედით დაბეჭდეთ ებრაელებზე ის, რაც სათნოდ მიგაჩნიათ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი განკარგულება”.
- 9მაშინ მესამე თვეს, სივანის თვის ოცდამესამე დღეს, მოუხმეს მეფის მწიგნობრებს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ ებრაელებს, სატრაპებს, განმგებლებსა და სამთავროთა მთავრებს, ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, ებრაელებსაც თავისი დამწერლობით და თავის ენაზე.
- 10მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით დაბეჭდა და სამეფო ცხენებზე, ჯორებსა და აქლემებზე ამხედრებული შიკრიკების მეშვეობით დააგზავნა წერილები.
- 11ნებას აძლევდა მეფე ებრაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რომ შეკრებილიყვნენ და დაეცვათ თავისი სიცოცხლე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ იმ ხალხებისა და სამთავროს შენაერთები, რომელიც მტრულად მოეკიდებოდა მათ და გაილაშქრებდა მათი შვილებისა და ქალების წინააღმდეგ და ნადავლად წაეღოთ მათი ქონება.
- 12ერთი დღის განმავლობაში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს,
- 13წერილის ასლი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში და უნდა გამოქვეყნებულიყო ყველა ხალხისთვის, რომ მზად ყოფილიყვნენ ებრაელები ამ დღისთვის, თავის მტრებზე შურის საძიებლად.
- 14აჩქარებით და გამალებით დაიძრნენ სამეფო ბედაურებზე ამხედრებული შიკრიკები, მეფის ბრძანებით. სატახტო ქალაქ შუშანშიც გამოცხადდა მეფის განკარგულება.
- 15გამოვიდა მორდექაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და მეწამული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.
- 16და იყო ებრაელთათვის ნათელი, სიხარული, მხიარულება და პატივი.
- 17ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და მხიარულება ჰქონდათ ებრაელებს, ნადიმი და დღესასწაული. იმ მიწაზე მცხოვრები ხალხებისგან ბევრი გაებრაელდა, რადგან ებრაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
იტვირთება შემდეგი თავი