ესთერი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 9

  1. 1
    მეთორმეტე თვის, ადარის მეცამეტე დღეს, როცა მეფის ბრძანების აღსრულების დრო მოახლოვდა, იმ დღეს, როცა ებრაელთა მტრები მათ დამორჩილებას იმედოვნებდნენ, საქმე ისე შემობრუნდა, რომ თვით ებრაელებმა დაიმორჩილეს თავიანთი მოძულენი.
  2. 2
    და შეიკრიბნენ ებრაელნი თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე და წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო მთელი ხალხი.
  3. 3
    მხარეთა ყველა მთავარი, სატრაპი, გამგებელი და მეფის საქმის აღმსრულებელი ებრაელთ ედგნენ მხარში, რადგან მორდექაის შიში დაეცათ.
  4. 4
    დიახ, დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში, მისი ამბავი ყველა სამთავროს მოედო და სულ უფრო იზრდებოდა ამ კაცის, მორდექაის სიდიადე.
  5. 5
    მახვილით დასცეს ებრაელებმა თავიანთი მტრები, კლავდნენ და ანადგურებდნენ თავიანთ მოძულეთ, როგორც უნდოდათ.
  6. 6
    ხუთასი კაცი დახოცეს და მოსპეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში.
  7. 7
    ფარშანდათა, დალფონი, ასფათა,
  8. 8
    ფორათა, ადალია, არიდათა,
  9. 9
    ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიეზათა -
  10. 10
    ჰამან ჰამედათას ძის, იუდეველთა მტრის ათი ძე მოკლეს, ნადავლისთვის კი ხელი არ დაუდიათ.
  11. 11
    იმ დღესვე აუწყეს მეფეს შუშანის ციხე-ქალაქში მოკლულთა რიცხვი.
  12. 12
    უთხრა მეფემ დედოფალ ესთერს: "ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი დახოცეს და გაანადგურეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში; დანარჩენ სამთავროებში რაღას იზამდნენ! აბა, კიდევ რა თხოვნა გაქვს? აგისრულდება! რა არის შენი სათხოვარი? აღსრულებულ იქნება!”
  13. 13
    მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ხვალაც მიეცეთ უფლება ებრაელებს, რომლებიც შუშანში იმყოფებიან, დღევანდელი ბრძანებისამებრ იმოქმედონ და ძელებზე ჩამოკიდონ ჰამანის ათი ძე”.
  14. 14
    და ბრძანა მეფემ, რომ ასე გაკეთებულიყო! გაიცა ბრძანება შუშანში და ძელებზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
  15. 15
    ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, ქონებას კი ხელი არ ახლეს.
  16. 16
    დანარჩენი ებრაელები კი მეფის სამთავროებში შეიკრიბნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ. და დახოცეს სამოცდათხუთმეტი ათასი, მაგრამ მათ ქონებას ხელი არ ახლეს.
  17. 17
    ადარის თვის მეცამეტე დღეს მოხდა ეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ჭამა-სმისა და მხიარულების დღედ აქციეს.
  18. 18
    შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი, როგორც მეცამეტე, ისე მეთოთხმეტე დღესაც; მეთხუთმეტე დღეს კი მშვიდობა იყო და ნადიმობდნენ და მხიარულობდნენ.
  19. 19
    ამიტომ არის, რომ უგალავნო ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ებრაელნი ადარის თვის მეთოთხმეტე დღეს ზეიმობენ, ნადიმობენ, დღესასწაულობენ და საჩუქრებს უგზავნიან ერთმანეთს.
  20. 20
    აღწერა მორდექაიმ ეს ამბები და წერილები დაუგზავნა მეფე ახაშვეროშის სამთავროების ყველა ებრაელს, ახლო მაცხოვრებლებსა და შორს მაცხოვრებლებს,
  21. 21
    რათა დაედგინათ თავისთვის და ყოველწლიურად ეზეიმათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე,
  22. 22
    დღეები, როცა თავიანთი მტრებისგან მოისვენეს ებრაელებმა და მწუხარება - სიხარულად, გლოვა კი დღესასწაულად ექცათ; რათა ნადიმისა და მხიარულების დღეებად ექციათ ისინი, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღეებად.
  23. 23
    და მიიღეს ებრაელებმა ის, რასაც თავადაც აკეთებდნენ და რაც მისწერა მათ მორდექაიმ,
  24. 24
    რადგან ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, ყველა ებრაელის მოძულე, ფიქრობდა ებრაელთა მოსპობას და "ფური” ჰყარა მათ აღმოსაფხვრელად და დასაღუპად.
  25. 25
    მაგრამ როცა წარსდგა ესთერი მეფის წინაშე, მან მაშინვე ბრძანა წერილობით, რომ ჰამანის ბოროტი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული მასვე დაბრუნებოდა და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი!”
  26. 26
    ამიტომ უწოდეს ამ დღეს "ფურიმი”, წილისყრის გამო და თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და ყოველივე იმისა, რაც თვითონ იხილეს და შეემთხვათ.
  27. 27
    და დაიდგინეს ებრაელებმა თავისთვის, თავისი მოდგმისა და ყველა მათთან მიკედლებულისთვის, რომ გარდაუვლად ედღესასწაულათ ეს ორი დღე მითითებისამებრ და დადგენილ დროს, ყოველწლიურად.
  28. 28
    რათა გაეხსენებინათ ამ დღეს და ეზეიმათ თაობიდან თაობაში, ოჯახიდან ოჯახში, სამთავროდან სამთავროში და ქალაქიდან ქალაქში; ხოლო ფურიმის ეს დღეები არ დავიწყებულიყო მათ შთამომავლობაში.
  29. 29
    მთელი ძალაუფლებით დაწერეს დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის ასულმა და ებრაელმა მორდექაიმ დასტური, რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს მეორე წერილი.
  30. 30
    გაგზავნეს წერილები მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვებით, ყველა ებრაელთან, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდივე სამთავროში,
  31. 31
    რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც ამას მორდექაი და დედოფალი ესთერი აღასრულებდნენ და როგორც დაიდგინეს თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის, მარხვებისა და ლოცვების დღეებში.
  32. 32
    ასე განამტკიცა ესთერის ბრძანებამ სიტყვები ფურიმის შესახებ და ჩაწერილ იქნა წიგნში.
იტვირთება შემდეგი თავი