გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან, რადგან მე გავუქვავე გული მას და მის მსახურებს, რათა ჩემი ნიშნები გამომევლინა მათ შორის.
- 2რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.
- 3მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ებრაელთა ღმერთი: "როდემდე უარყოფ დამდაბლებას ჩემს წინაშე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.
- 4და თუ კიდევ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, აჰა, ხვალვე კალიას მოვავლენ შენს საზღვრებში.
- 5ისე დაფარავს იგი ქვეყნის ზედაპირს, რომ შეუძლებელი გახდება მიწის დანახვა და შთანთქავს იგი გადარჩენილთა ნატამალს, რომელიც სეტყვას გადაურჩა; და შეჭამს ყოველ ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
- 6აღავსებენ შენი, შენი მსახურების და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავს შენს მამა-პაპას მათი არსებობის დღიდან დედამიწაზე”. გამობრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.
- 7უთხრეს ფარაონს მისმა მსახურებმა: "როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ჩვენს მახედ? გაუშვი კაცები და ემსახურონ უფალს, თავ-თავის ღმერთს, ვეღარ გაიგე, რომ იღუპება ეგვიპტე?
- 8დააბრუნეს მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: "წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. მაგრამ ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?”
- 9უთხრა მოსემ: "ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებით, ჩვენი ქალ-ვაჟით, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით წავალთ, რადგან უფლისთვის უნდა ვიდღესასწაულოთ”.
- 10უთხრა მათ ფარაონმა: "ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.
- 11ასე არა! წადით თქვენ, მამაკაცები და ემსახურეთ უფალს, რაკი ასე გსურთ”. და გამოაგდეს ისინი ფარაონისგან.
- 12უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიის გამოსახმობად, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის მიწას და შთანთქას ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა”.
- 13გაიწოდა მოსემ კვერთხი ეგვიპტის მიწაზე და მოავლინა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყანაზე მთელ დღეს და მთელ ღამეს. გათენდა და კალია მოზიდა აღმოსავლეთის ქარმა.
- 14შეესია კალია ეგვიპტის მიწას და დაუნდობლად მოეფინა ეგვიპტის ყოველ კუთხე-კუნჭულს; არც მანამდე ყოფილა ამდენი კალია და არც ამის შემდეგ იქნება.
- 15დაფარა მან მთელი მიწის ზედაპირი ისე, რომ დაბნელდა ქვეყანა და შთანთქა ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა და აღარ დარჩა არანაირი სიმწვანე, აღარც ხე და ბალახი მინდვრისა ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
- 16სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.
- 17გთხოვთ, ამჯერადაც შემინდეთ ცოდვა და ილოცეთ უფლის, თქვენი ღმერთისადმი, ოღონდ ამარიდოს ეს სიკვდილი”.
- 18გამოვიდა მოსე ფარაონისგან და ილოცა უფლის მიმართ.
- 19მოაქცია უფალმა ზღვის ძლიერი ქარი, წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. არ დარჩენილა არც ერთი კალია ეგვიპტის საზღვრებში.
- 20გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილები.
- 21უთხრა უფალმა მოსეს: "ცისკენ გაიწოდე ხელი, რათა იყოს წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაზე, ხელშესახები სიბნელე”.
- 22გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და წყვდიადის ბურუსი ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე სამ დღეს.
- 23ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამი დღე; ხოლო ისრაელის შვილებს სინათლე ჰქონდათ თავ-თავის სამყოფელში.
- 24მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: "წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”.
- 25უთხრა მოსემ: "სამსხვერპლო და სრულადდასაწველიც უნდა მოგვცე და შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.
- 26ჩვენი საქონელიც უნდა წაგვყვეს, ჩლიქიც კი არ დარჩება, ვინაიდან მისგან გამოვარჩევთ უფლის, ჩვენი ღვთის შესაწირს; სანამ იქ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახურებით უფალს”.
- 27მაგრამ გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ ინება მათი გაშვება.
- 28უთხრა მას ფარაონმა: "წადი აქედან და გაფრთხილდი, რომ აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მაშინვე მოკვდები.
- 29უთხრა მოსემ: "სწორად ამბობ. აღარასოდეს ვიხილავ შენს სახეს”.
იტვირთება შემდეგი თავი