გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 9

  1. 1
    უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
  2. 2
    თუ უარს იტყვი მის გაშვებაზე და კვლავ დააკავებ,
  3. 3
    აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, რომელიც ველზეა - ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, ცხვარზე და ძროხაზე. გაჩნდება საშინელი ჭირი.
  4. 4
    და გამოარჩევს უფალი ისრაელის საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის შვილებს”.
  5. 5
    დანიშნა უფალმა დრო და თქვა: ხვალ გააკეთებს უფალი ამ საქმეს ქვეყანაში.
  6. 6
    აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და ამოწყდა ეგვიპტის მთელი საქონელი. ისრაელიანთა საქონლისგან არც ერთი არ მომკვდარა.
  7. 7
    გაგზავნა ფარაონმა ამბის გასაგებად და, აჰა, ისრაელის საქონელთაგან არც ერთი არ მომკვდარა. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
  8. 8
    უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აიღეთ ქურიდან სავსე პეშვი ნაცარი და ააფრქვიოს იგი მოსემ ცისკენ ფარაონის თვალწინ;
  9. 9
    მტვრად მოეფინება ეგვიპტის მთელ ქვეყანას და გამოაჩნდება ადამიანებსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
  10. 10
    აიღეს ქურის ნაცარი, წარსდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია მოსემ ცისკენ; და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარათ ადამიანებსა და პირუტყვს.
  11. 11
    ვერ შეძლეს გრძნეულებმა მოსეს წინაშე დადგომა, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებს და ყოველ ეგვიპტელსაც.
  12. 12
    გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
  13. 13
    და უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი სისხამ დილით, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
  14. 14
    თორემ, ამჯერად ყველა ჩემს სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურთ და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინ არის ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.
  15. 15
    ახლავე გავიწვდიდი ხელს და უსათუოდ მოგსრავდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს და მოისპობოდით დედამიწიდან.
  16. 16
    მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
  17. 17
    ჯერ კიდევ იმაღლებ თავს ჩემი ხალხის წინააღმდეგ და არ უშვებ მათ.
  18. 18
    აჰა, ხვალ ამ დროს, ძალიან მაგარ სეტყვას ჩამოვყრი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში მისი დაარსების დღიდან აქამდე.
  19. 19
    ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა”.
  20. 20
    ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთა შორის, ჭერქვეშ შერეკა თავისი მონები და საქონელი.
  21. 21
    ხოლო, ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, თავისი მონები და საქონელი ველზე დატოვა.
  22. 22
    უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზეცისკენ, რათა მოვიდეს სეტყვა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, ადამიანებზე, პირუტყვსა და ველის ყოველ ბალახზე ეგვიპტის ქვეყანაში”.
  23. 23
    გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
  24. 24
    მოდიოდა სეტყვა და გიზგიზებდა ცეცხლი სეტყვაში, ძალზე ძლიერი, რომლის მსგავსიც მთელი ეგვიპტის მიწაზე არ მოსულა, მათი ერად ქცევის დღიდან.
  25. 25
    ყველაფერი მოსპო სეტყვამ ეგვიპტის მიწაზე, რაც მინდვრად დარჩა, კაციც და პირუტყვიც. მოსრა სეტყვამ ყოველი ბალახი ველისა და დალეწა ყოველი ხე ველისა.
  26. 26
    მხოლოდ გოშენის ქვეყანა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობდნენ.
  27. 27
    წარგზავნა ფარაონმა, დაიბარა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ამჯერად შევცოდე; მართალია უფალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავენი ვართ.
  28. 28
    გვიშუამდგომლეთ უფალთან, გვაკმაროს ეს დიადი გრგვინვა და სეტყვა და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ”.
  29. 29
    მიუგო მოსემ: "როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.
  30. 30
    მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები”.
  31. 31
    განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ამოთავთავებული, სელი კი აყვავებული იყო.
  32. 32
    ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან ორივე გვიან იმკება.
  33. 33
    გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.
  34. 34
    როცა იხილა ფარაონმა რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, უფრო მეტად შესცოდა და გაისასტიკეს გულები მან და მისმა მსახურებმა.
  35. 35
    და გამძვინვარდა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილნი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
იტვირთება შემდეგი თავი