გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 16

  1. 1
    გაემგზავრნენ ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმისა და სინაის შორისაა; ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა.
  2. 2
    ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.
  3. 3
    უთხრეს ისრაელის შვილებმა: "ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.
  4. 4
    უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის; გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი სჯულით.
  5. 5
    და მეექვსე დღეს, როცა მოტანილს მოამზადებენ, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ”.
  6. 6
    უთხრეს მოსემ და აჰარონმა ისრაელის ყველა შვილს: "საღამოს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
  7. 7
    დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?”
  8. 8
    და თქვა მოსემ: "მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
  9. 9
    უთხრა მოსემ აჰარონს: "უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა”.
  10. 10
    და როდესაც ელაპარაკებოდა აჰარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, შებრუნდნენ უდაბნოსკენ და, აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
  11. 11
    უთხრა უფალმა მოსეს:
  12. 12
    "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
  13. 13
    მოფრინდა საღამოხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის გარშემო.
  14. 14
    როდესაც ცვარი აორთქლდა, ნახეს უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი ყრია, ჭირხლის მსგავსი.
  15. 15
    დაინახეს ისრაელის შვილებმა და ჰკითხეს ერთმანეთს: "რა არის ეს?” რადგან არ იცოდნენ, რა იყო. უთხრა მათ მოსემ: "ეს პურია, რომელიც უფალმა მოგცათ საკვებად.
  16. 16
    ასე ბრძანა უფალმა: "აკრიფოს თითოეულმა იმდენი, რამდენსაც შეჭამს - ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ”.
  17. 17
    ასე მოიქცნენ ისრაელიანები, ზოგმა ბევრი აკრიფა და ზოგმა ცოტა.
  18. 18
    არწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
  19. 19
    უთხრა მათ მოსემ: "ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”.
  20. 20
    მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.
  21. 21
    და აგროვებდნენ დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
  22. 22
    მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს, ორ-ორი ღომერი თითოეულზე და მივიდა თემის ყველა მთავარი და აუწყეს მოსეს.
  23. 23
    უთხრა მათ: "აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ”.
  24. 24
    მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ, არც ამყრალდა და არც მატლი გასჩენია.
  25. 25
    უთხრა მოსემ: "ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.
  26. 26
    ექვს დღეს აგროვეთ, მეშვიდე დღეს კი - შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს”.
  27. 27
    და აი, მეშვიდე დღეს ზოგიერთი გავიდა ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს.
  28. 28
    უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს?
  29. 29
    იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს”.
  30. 30
    და ისვენებდა ხალხი მეშვიდე დღეს.
  31. 31
    უწოდა ისრაელის სახლეულმა მას სახელი - მანნა: ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა.
  32. 32
    თქვა მოსემ: "ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანნით, თაობიდან თაობამდე შესანახად, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან”.
  33. 33
    უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანნა და დადგი უფლის წინაშე შესანახად თაობიდან თაობამდე”.
  34. 34
    როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აჰარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად.
  35. 35
    ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძენი მანნას, სანამ დასახლებულ მიწამდე მივიდოდნენ; მანნას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
  36. 36
    ღომერი კი ეფის მეათედია.
იტვირთება შემდეგი თავი