გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად.
  2. 2
    ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: "მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: "რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”
  3. 3
    სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: "რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”
  4. 4
    და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ”.
  5. 5
    უთხრა უფალმა მოსეს: "გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი.
  6. 6
    აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
  7. 7
    და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: "არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”
  8. 8
    მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
  9. 9
    უთხრა მოსემ იეშუას: "გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად; დავდგები ხვალ ბორცვის თხემზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში”.
  10. 10
    ისე მოიქცა იეშუა, როგორც მოსემ უთხრა და შეებრძოლა ყამალეკს, ხოლო მოსე, აჰარონი და ხური ბორცვის თხემზე ავიდნენ.
  11. 11
    როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.
  12. 12
    დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები.
  13. 13
    დაამარცხა იეშუამ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით.
  14. 14
    უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.
  15. 15
    ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა მას სახელად "იაჰვე-ნისი”
  16. 16
    და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
იტვირთება შემდეგი თავი