გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1თუ ვინმე ხარს ან კრავს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, მაშინ ხუთი ხარი გადაიხადოს ხარის წილ და ოთხი კრავი - კრავის წილ.
- 2თუ ქურდს ხვრელის თხრისას დაიჭერენ და ისე სცემენ, რომ მოკვდება, მისი სისხლი ბრალად არავის დაედება.
- 3მაგრამ თუ მზისით მოხდება ეს ამბავი, მაშინ მისი სისხლი ბრალად დაედება; ქურდმა უნდა ზღოს. თუ არაფერი გააჩნია, მაშინ ქურდობის გამო გაყიდონ.
- 4თუ ნაქურდალი ცოცხლად აღმოაჩნდება ხელში: ხარი იქნება ეს, სახედარი თუ კრავი, ორმაგად ზღოს.
- 5თუ ვინმეს მიზეზით მდელო ან ვენახი მოისპობა, გაუშვებს კაცი თავის საქონელს და მოაძოვინებს სხვის მდელოს, მაშინ თავის საუკეთესო მდელოსა და ვენახისგან უნდა ზღოს.
- 6თუ ცეცხლი გაჩნდა და მოედო ძეძვს, ზვინი, თავთავი ან მდელო გადაწვა, უსათუოდ უნდა ზღოს ხანძრის გამჩაღებელმა.
- 7თუ კაცი მოყვასს ფულს ან ჭურჭელს მიაბარებს შესანახად და იმ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
- 8ხოლო თუ ვერ იპოვეს ქურდი, სახლის პატრონი ღვთის მსაჯულს ეახლოს, რათა გაირკვეს, ხელი ხომ არ გაიწოდა მოყვასის ქონებაზე.
- 9ყოველგვარ ზიანზე, ხარის საქმე იქნება ეს თუ სახედრისა, კრავისა თუ სამოსლისა, ყოველ დაკარგულ ნივთზე, თუ ვინმე იდავებს - ჩემიაო, ორივე მხარე ღვთის სამსჯავროზე უნდა წარსდგეს; ვისაც სამსჯავრო გაამტყუნებს, ორმაგად გადაუხდის მოყვასს.
- 10თუ კაცი მოყვასს სახედარს, ხარს, კრავს ან სხვა საქონელს შესანახად მიაბარებს და მოუკვდება მიბარებული, დაუშავდება ან დაეკარგება და არავინაა ამის მოწმე,
- 11დაიფიცოს უფლის წინაშე, რომ ხელი არ გაუწვდია მოყვასის საკუთრებაზე; მიიღებს ფიცს პატრონი და არაფერს ზღავს.
- 12თუ მოპარეს, მაშინ გადაუხადოს მის პატრონს.
- 13თუ მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად და არ გადაიხდის.
- 14თუ კაცი მოყვასისაგან პირუტყვს ინათხოვრებს და პატრონის იქ არ ყოფნისას დაუშავდება ან მოუკვდება, მაშინ უსათუოდ უნდა ზღოს;
- 15მაგრამ თუ პატრონი იქ იყო, მაშინ არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებულია, მაშინ ჯამაგირიდან დაექვითება.
- 16თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს აცდუნებს და დაწვება მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს, რათა ცოლად შეირთოს.
- 17თუ მამა ქალის მითხოვებას არ ინებებს, მაშინ მაცდუნებელმა ქალწულობის ურვადი გადაიხადოს.
- 18ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.
- 19ყველა, ვინც პირუტყვთან დაწვება, უსათუოდ მოკვდეს.
- 20თუ ვინმე უფლის გარდა სხვა ღმერთებსაც შესწირავს მსხვერპლს, სრულად განადგურდეს.
- 21მდგმურს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
- 22ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.
- 23თუ რაიმენაირად შეავიწროვებ, შემომღაღადებენ და უსათუოდ შევისმენ მათ ღაღადისს,
- 24აინთება ჩემი რისხვა, მახვილით მოგსრავთ და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები.
- 25თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ვინმე ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ვახშს ნუ დააკისრებ.
- 26თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე,
- 27რადგან ის მისი ერთადერთი საფარველია; მისი სხეულის სამოსელია - რაში დაიძინოს? როცა შემომჩივლებს, მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.
- 28ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის თავკაცს ნუ დასწყევლი.
- 29პირველნაყოფი შენი მოსავლის სისავსისა და პირველდაწურული საწნახელისა, შემომწირე, არ დააგვიანო; შენს ძეთაგან პირმშო მე მომეცი.
- 30ასევე შენი ხარისა და შენი ცხვრის პირველმონაგებიც იყოს შვიდი დღე დედასთან, ხოლო მერვე დღეს მე მომეცი.
- 31წმინდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის; ნუ შეჭამთ მინდორში დაგდებულ ნამხეცავ ხორცს: ძაღლებს მიუგდეთ.
იტვირთება შემდეგი თავი