გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
- 2უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
- 3ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
- 4თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.
- 5თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
- 6ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
- 7შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
- 8ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.
- 9ხიზანს ნუ შეავიწროებ; თავად იცით ხიზნის ყოფა, რადგან ხიზნად იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
- 10ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.
- 11მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
- 12ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
- 13დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
- 14წელიწადში სამჯერ იდღესასწაულე ჩემთვის.
- 15დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
- 16მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.
- 17წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი უფალ ღმერთთან.
- 18საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირის სისხლს, არ დარჩეს ჩემი სადღესასწაულო ცხიმი დილამდე.
- 19მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.
- 20აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
- 21იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
- 22თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
- 23რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:
- 24თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
- 25უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
- 26არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
- 27წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენი ყოველი მტრის ზურგს მოვაქცევ შენკენ.
- 28კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს შენგან.
- 29არ გავრეკავ მათ ერთი წლის განმავლობაში, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ ველური მხეცები.
- 30თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
- 31გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
- 32ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
- 33არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
იტვირთება შემდეგი თავი