გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 39
- 1დაამზადეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის - ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილისგან და წმიდა შესამოსელი აჰარონისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 2დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან.
- 3გამოჭედეს ოქროს ფურცლები და დაჭრეს ძაფებად, რათა ოსტატურად ჩაექსოვათ ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ ქსოვილსა და ბისონს შორის.
- 4გაუკეთეს შემაერთებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო შეერთებული.
- 5ოსტატურად ნახელავი სარტყელი კი, რომელიც ზედ ჰქონდა შემორტყმული, იმავე ნაკეთობისა იყო: ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 6დაამუშავეს ონიქსის ქვები, ჩასვეს ოქროს ბუდეებში და საჭრეთელით ამოკვეთეს ისრაელის ძეთა სახელები.
- 7და განალაგა ისინი სამახსოვრო ქვებად ეფოდის სამხრეებზე ისრაელის ძეთათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 8ოსტატურად გააკეთა სამკერდული, ეფოდის ნაკეთობის მსგავსად - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან.
- 9ოთხკუთხედი იყო იგი; სამკერდული ორმაგი გააკეთეს - სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორმაგი.
- 10და ქვათა ოთხი მწკრივი ჩასვეს მასში. პირველი მწკრივი - ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა;
- 11მეორე მწკრივი - ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
- 12მესამე მწკრივი - იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
- 13მეოთხე მწკრივი - ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი; ოქროს ბუდეებში იყო ჩასმული.
- 14ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით; მსგავსად საჭრეთელით ამოკვეთილისა, თითოეული თორმეტი შტოდან, თავისი სახელის მიხედვით.
- 15გაუკეთეს სამკერდულს დაწნული, გრეხილი ძეწკვები სუფთა ოქროსგან
- 16გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორთავე ბოლოზე.
- 17გაუყარეს ოქროს ორივე წნული რგოლებში სამკერდულის ბოლოებზე.
- 18ხოლო მეორე ბოლოებით წნულები ორ ბუდეს მიამაგრეს და ეფოდის სამხრეების წინ მოათავსეს.
- 19გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს, იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
- 20გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ეფოდის ორივე სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, ნაწიბურთან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელზე.
- 21ცისფერი ზონარით მიაბნიეს სამკერდულისა და ეფოდის რგოლები, რათა ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელზე ყოფილიყო და არ მოსცილდებოდა სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 22გააკეთა ეფოდის ნაქსოვი მოსასხამი, მთლიანად ცისფერი.
- 23შუაში თავის გასაყრელი ჰქონდა ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგის მსგავსად; ჭრილს ოსტატური არშია ჰქონდა ირგვლივ კიდეზე, რათა არ შემორღვეულიყო.
- 24მოსასხამის კალთებს ბროწეულები გაუკეთეს ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული გრეხილი ქსოვილისგან.
- 25გააკეთეს სუფთა ოქროს ეჟვნები და ჩამოჰკიდეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს გარშემო;
- 26ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთების გარშემო მსახურებისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 27დაუმზადეს აჰარონსა და მის ძეებს ოსტატურად ნაქსოვი ბისონის კვართები.
- 28ბისონის დოლბანდი, ბისონის თავსაბურველი და სელის შარვალი გრეხილი ბისონისგან.
- 29სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილისგან, მქარგავის ნახელავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 30გაუკეთეს სუფთა ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი და ამოკვეთეს მასზე წარწერა: წმიდა უფლისათვის.
- 31მიამაგრეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი დოლბანდზე ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 32ასე დასრულდა საკრებულო კარვის ყოველი სამუშაო; ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 33და მიიტანეს სავანე მოსესთან: კარავი და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი კაუჭები, ძელები, ძელაკები, სვეტები თავისი კვარცხლბეკებით,
- 34ვერძების ალისფერი ტყავებისა და მაჩვის ტყავების საბურველნი და კრეტსაბმელი;
- 35მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და თავსარქველი;
- 36მაგიდა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური;
- 37წმიდა სასანთლე თავისი ლამპრებით; გაწყობილი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობით და ზეთი გასანათებლად.
- 38ოქროს სამსხვერპლო, საცხებელი ზეთი, კეთილსურნელოვანი საკმეველი და ფარდა კარვის შესასვლელისთვის;
- 39სპილენძის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ბადით, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
- 40ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ეზოს კარიბჭის ფარდები, თავისი თოკებითა და პალოებით; ყოველი მოწყობილობა სავანეში მსახურებისთვის, საკრებულო კარვისთვის.
- 41საწესო შესამოსელი წმიდაში სამსახურებლად, აჰარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი, მისი ძეების შესამოსელი, მღვდლობის გასაწევად.
- 42ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის შვილებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
- 43იხილა მოსემ ყოველი საქმე და, აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და აკურთხა ისინი მოსემ.
იტვირთება შემდეგი თავი