ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.
  2. 2
    თვის მეხუთე დღეს, ეს იყო მეფე იოაქინის განდევნიდან მეხუთე წელი,
  3. 3
    გამოეცხადა უფლის სიტყვა მღვდელ ეზეკიელს, ბუზის ძეს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას. უფლის ხელი იყო მასზე.
  4. 4
    ვიხილე: აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი; ელვარებაა მის ირგვლივ, შუაში კი ელვარე ფოლადივით, ცეცხლის შუაგულში.
  5. 5
    მის შუაგულში ოთხი არსება დავინახე, ადამიანის მსგავსნი იყვნენ ისინი.
  6. 6
    თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა.
  7. 7
    სწორი ფეხები ჰქონდათ, ხოლო ფეხის ტერფები - ხბოს ჩლიქებივით; გაპრიალებული სპილენძივით ბრწყინავდნენ.
  8. 8
    ოთხივე მხარეს ფრთების ქვეშ ადამიანის ხელები ესხათ; ოთხივეს სახე და ფრთები ჰქონდათ.
  9. 9
    ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, მოძრაობისას სახეს არ აბრუნებდნენ, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მოძრაობდა.
  10. 10
    მათი სახეების გამომეტყველება კი ასეთი იყო: მარჯვენა მხარეს ოთხივეს ადამიანისა და ლომის სახე ჰქონდა; მარცხენა მხარეს ოთხივეს ხარის სახე ჰქონდა და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
  11. 11
    ასეთი იყო მათი პირსახე; ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ გაშლილი, ორ-ორი ფრთით ერთმანეთს ეხებოდნენ და ორითაც ტანს იფარავდნენ.
  12. 12
    თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სულს მიჰყავდა; მიდიოდნენ და არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
  13. 13
    ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან.
  14. 14
    ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.
  15. 15
    შევხედე ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს.
  16. 16
    მბრწყინავ ქრიზოლითს ჰგავდნენ შესახედაობითა და ნაკეთობით ეს ბორბლები, ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს. ასეთი იყო მათი შესახედაობა და ნაკეთობა: თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩასმული.
  17. 17
    დაიძვრებოდნენ თავიანთი ოთხი მიმართულებით, მოძრაობდნენ და მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
  18. 18
    ბორბლების ფერსოები მაღალი და საშინელი იყო; ოთხივე ფერსო გარშემო თვალებით იყო სავსე.
  19. 19
    ცხოველები რომ დაიძვრებოდნენ, ბორბლებიც იძვროდნენ მათთან ერთად; ცხოველები მიწიდან რომ აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ.
  20. 20
    საითკენაც სული გაიწევდა, იმ მიმართულებით მიდიოდნენ და ბორბლებიც მათთან ერთად მოძრაობდნენ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში.
  21. 21
    მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ გასწვრივ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში.
  22. 22
    მოციმციმე ბროლის ცის თაღი იყო ცხოველთა თავზე, გასაოცარი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული.
  23. 23
    თაღის ქვეშ ერთმანეთს უსწორდებოდნენ მათი ფრთები, თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთი მხარეს და მეორე მხარეს.
  24. 24
    მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
  25. 25
    გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
  26. 26
    თაღის ზემოთ, მათ თავზე რომ იყო, საფირონის ქვის ტახტის მსგავსი რამ იდგა; ამ ტახტის მსგავსზე, მაღლა, ადამიანის მსგავსი რამ იჯდა.
  27. 27
    შემდეგ შევნიშნე მის წელს ზემოთ რაღაც განათებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე ცეცხლის მსგავსი რამ და ნათება იყო მის ირგვლივ.
  28. 28
    როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.
იტვირთება შემდეგი თავი