ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მან მითხრა: "ძეო კაცისავ! დადექ ფეხზე, უნდა დაგელაპარაკო”.
- 2და შემოვიდა ჩემში სული, ის რომ მელაპარაკებოდა; დამაყენა ფეხზე და ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს.
- 3მითხრა: "ძეო კაცისავ! გაგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამიჯანყდნენ. დღემდე სცოდავენ ჩემ წინაშე თვითონაც და მათი მამებიც.
- 4ურჩ და ჯიუტ ხალხთან გაგზავნი; უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი!
- 5მოგისმენენ თუ არ მოგისმენენ, ვინაიდან მეამბოხენი არიან, დაე გაიგონ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
- 6შენ კი, ძეო კაცისავ! ნურც მათი შეგეშინდება და ნურც მათი ლაპარაკისა, თუმცა ძეძვივით და ეკალივით იქნებიან შენთან და იცხოვრებ მორიელთა შორის. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათი სახე ნუ შეგაკრთობს, ვინაიდან მეამბოხენი არიან.
- 7ელაპარაკე ჩემი სიტყვები მოგისმენენ თუ თავს აგარიდებენ, ვინაიდან მეამბოხენი არიან.
- 8შენ კი, ძეო კაცისავ! მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები ურჩი ამ მეამბოხე ხალხივით, გახსენი პირი და ჭამე, რასაც მოგცემ”.
- 9გავიხედე და ვიხილე ჩემსკენ გამოწვდილი ხელი, წიგნის გრაგნილი ეჭირა.
- 10გაშალა ჩემ წინაშე; გრაგნილის შიგნიდან და გარედანაც იყო ნაწერი. გოდება, ჭირი და ვაება ეწერა.
იტვირთება შემდეგი თავი