ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 12

  1. 1
    და ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
  2. 2
    "ძეო კაცისავ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ; თვალები აქვთ დასანახად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხე სახლია ისინი.
  3. 3
    შენ კი, ძეო კაცისავ, მოიმზადე დევნილობის ბარგი და გადასახლდი დღისით, მათ თვალწინ. გადასახლდი შენი ადგილიდან სხვა ადგილზე მათ თვალწინ, იქნებ მიხვდნენ, რომ მეამბოხეთა სახლი არიან.
  4. 4
    გამოიტანე შენი ბარგი, დევნილობის ბარგი, დღისით, მათ თვალწინ; თვითონ კი მწუხრზე გამოხვალ მათ თვალწინ, როგორც დევნილობაში წამსვლელნი გამოდიან.
  5. 5
    მათ თვალწინ გამოთხარე კედელი და გამოდი მასში.
  6. 6
    მათ დასანახად აიკიდე ზურგზე, ბნელში გამოიტანე; სახე დაიფარე, რომ მიწას ვერ ხედავდე, ვინაიდან ნიშნად დაგადგინე ისრაელის ტაძრისთვის”.
  7. 7
    ისე მოვიქეცი, როგორც ნაბრძანები მქონდა: ჩემი ბარგი დევნილის ბარგივით დღისით გამოვიტანე, საღამოთი კი საკუთარი ხელით გამოვთხარე კედელი, გამოვედი ბნელში და მოვიკიდე ზურგზე მათ დასანახად.
  8. 8
    დილით იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  9. 9
    "ძეო კაცისავ! განა არ გკითხა ისრაელის სახლმა, მეამბოხეთა სახლმა, რას აკეთებო?
  10. 10
    უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის მთავარსა და ისრაელის მთელ სახლს ეხება-თქო, ყველას, ვინც იქ ცხოვრობს.
  11. 11
    უთხარი, ნიშანი ვარ-თქო თქვენთვის, როგორც მე მოვიქეცი, თქვენც ისე მოიქცევით, გადასახლებასა და ტყვეობაში წახვალთ.
  12. 12
    მთავარი კი, თქვენ შორის რომაა, ზურგზე მოიკიდებს ბნელში და გავა კედელში, მის გამოსაყვანად რომ გამოთხრიან; სახეს დაიფარავს, რომ თვალით არ დაინახოს ეს მიწა.
  13. 13
    გავშლი მასზე ჩემს ბადეს და გაებმება ჩემს ხაფანგში; მივიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს იქაურობას და იქ მოკვდება.
  14. 14
    ყველა დამხმარეს, მის ირგვლივ რომ არიან და მთელ მის მხედრობას გავფანტავ ქარის ყველა მიმართულებით და გაშიშვლებულ მახვილს დავადევნებ.
  15. 15
    გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ხალხებში გავფანტავ და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
  16. 16
    მოვიტოვებ მათგან რამდენიმე კაცს, დავიცავ მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისგან, რათა უამბონ ყველა თავისი სისაძაგლე ხალხებს, რომლებთანაც წავლენ. გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი”.
  17. 17
    იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  18. 18
    "ძეო კაცისავ! ძრწოლით ჭამე პური შენი და ცახცახითა და შიშით სვი წყალი.
  19. 19
    უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მცხოვრებლებზე: დარდით შეჭამენ თავიანთ პურს და ძრწოლით დალევენ თავიანთ წყალს, ვინაიდან გაუდაბურდება მათი ქვეყანა მისი სისავსისგან ყველა მასში მცხოვრების უმართლობის გამო.
  20. 20
    დასახლებული ქალაქები გაპარტახდება, ქვეყანა უდაბნოდ გადაიქცევა და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.
  21. 21
    იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  22. 22
    "ძეო კაცისავ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე: ისეთი დროც დადგება, როცა ყველა წინასწარმეტყველება გაქარწყლდებაო?
  23. 23
    უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმე ეს ანდაზა, მეტად ვეღარ გამოიყენებენ ისრაელში. უთხარი: მოახლოვდა ჟამი ყოველი წინასწარმეტყველების აღსრულებისა-თქო.
  24. 24
    რადგან აღარ იქნება არცერთი ცრუ ხილვა და ყალბი მარჩიელობა ისრაელის სახლში.
  25. 25
    რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ და სიტყვა, მე რომ ვიტყვი, შესრულდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში ვიტყვი სიტყვას, მეამბოხეთა სახლო, და აღვასრულებ კიდეც! აცხადებს უფალი ღმერთი”.
  26. 26
    იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  27. 27
    "ძეო კაცისავ! აჰა, ამბობს სახლი ისრაელისა: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, დიდი ხნის შემდეგ აღსრულდება და შორეულ დღეებზე წინასწარმეტყველებსო.
  28. 28
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: არ გადაიდება ჩემი არცერთი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, შესრულდება! ამბობს უფალი ღმერთი”.
იტვირთება შემდეგი თავი