ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 13

  1. 1
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
  2. 2
    "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, საკუთარი გონებით რომ წინასწარმეტყველებენ: ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა.
  3. 3
    ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი უგუნურ წინასწარმეტყველთ, თავიანთ სულს რომ მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.
  4. 4
    როგორც ტურები ნანგრევებში, ისე იყვნენ შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო.
  5. 5
    დანგრეულ კედლებზე არ ასულხართ და არც კედელი აგიშენებიათ ისრაელის ტაძრის გარშემო, რომ საბრძოლველად დადგეთ უფლის დღეს.
  6. 6
    ხედავენ ამაოებას, მათი მისნობა სიცრუეა. ამბობენ: "უფალმა ბრძანაო!” მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი. მაინც თავიანთი სიტყვის ასრულების იმედი აქვთ.
  7. 7
    განა ამაო ხილვას არ ხედავთ და ცრუდ არ მისნობთ, რომ ამბობთ: უფალი ბრძანებსო, მე კი არაფერი მითქვამს?
  8. 8
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ამაოებას ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ! - ამბობს უფალი ღმერთი.
  9. 9
    ჩემი ხელი იქნება იმ წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ამაოებას რომ ხედავენ და სიცრუეს მისნობენ; ჩემი ხალხის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის ტაძრის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ გაიგებთ, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.
  10. 10
    იმის გამო, რომ შეაცდინეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: მშვიდობააო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი უვარგის კედელს აშენებს და, აჰა, სხვანი უვარგისი ბათქაშით ათეთრებენ.
  11. 11
    უთხარი მათ, ვინც აბათქაშებს: წამოვა კოკისპირული წვიმა, მსხვილი სეტყვა ჩამოცვივა, ქარიშხალი ამოვარდება და კედელი მალე დაეცემა!
  12. 12
    და, აჰა, კედელი რომ დაეცემა, განა არ გკითხავენ, სად არის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთო?
  13. 13
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე დავანგრევ, ჩემი რისხვის ქარიშხლით, ჩემი წყრომის კოკისპირული წვიმით და რისხვის სეტყვის ქვებით - მოვსპობ მას.
  14. 14
    დავანგრევ კედელს, თქვენ რომ უვარგისი ბათქაშით შელესეთ, მიწამდე დავამხობ და გაშიშვლდება მისი საძირკველი. დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
  15. 15
    კედელზე გადმოვღვრი ჩემს რისხვას და უვარგისი ბათქაშით მლესავებზე, გეტყვით: აღარ არის კედელი და არც მისი მლესავები,
  16. 16
    ისრაელის წინასწარმეტყველებთან ერთად, იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ, აღარ არიან მისი მშვიდობის მხილველნი, როცა არ არის მშვიდობა! - ამბობს უფალი ღმერთი.
  17. 17
    და შენ, ძეო კაცისავ! შენი ხალხის ასულებისკენ მიაბრუნე სახე, საკუთარი შთაგონებით რომ წინასწარმეტყველებენ; იწინასწარმეტყველე მათზე.
  18. 18
    უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ჯადოქრულ სამაჯურებს რომ კერავენ ყოველი მაჯისთვის და ყველა ზომაზე რომ აკეთებენ ადამიანთა სულების გამოსაჭერად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებზე ნადირობით თქვენ სიცოცხლეს შეინარჩუნებთ?
  19. 19
    შემბღალეთ ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის ჩემს ხალხთან, რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ უნდა მოკვდნენ და ცოცხლად ტოვებთ იმათ, რომლებიც არ არიან საცოცხლებელნი; ჩემს ხალხს ატყუებთ, ტყუილის მომსმენთ.
  20. 20
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ თქვენი ჯადოქრული სამაჯურების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ფრინველებივით ინადირებთ; გამოგგლეჯთ მკლავებიდან და გავათავისუფლებ სულებს, რომლებსაც ფრინველებივით ინადირებთ.
  21. 21
    დავხევ მაგ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან; აღარ იქნებიან თქვენს ხელში სანადიროდ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
  22. 22
    რადგან მართლის გულს ტყუილით ანაღვლიანებთ, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
  23. 23
    ამიტომ თქვენ, დედაკაცებო, ვეღარ იხილავთ ამაო ხილვებს და მისნობას ვეღარ გასწევთ. მე ვიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.
იტვირთება შემდეგი თავი