ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1ისრაელის უხუცესთაგან მოვიდნენ კაცნი და დასხდნენ ჩემ წინაშე.
- 2იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 3"ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები დაიდგეს თავიანთ გულებში და საკუთარი ურჯულოება დაიდეს დაბრკოლებად. როგორ ვუპასუხო მათ საჭიროებას?
- 4ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!
- 5რომ დავიბრუნო ისრაელის ტაძრის გული, რომელიც თავისი კერპების გამო გამიუცხოვდა.
- 6ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: მოინანიეთ და მობრუნდით თქვენი კერპებისგან და ყველა თქვენი სისაძაგლისგან მოაბრუნეთ თქვენი სახე,
- 7ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!
- 8მივაბრუნებ სახეს ასეთი კაცის წინააღმდეგ, ნიშნად და იგავად ვაქცევ მას და გავდევნი ჩემი ხალხიდან; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
- 9ხოლო თუ წინასწარმეტყველი ცდუნდება და ეტყვის სიტყვას, მე, უფალი, ვაცდუნებ იმ წინასწარმეტყველს; გავიწვდენ ხელს მასზე და გავდევნი მას ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან.
- 10იტვირთავენ ისინი თავიანთ ურჯულოებას: ისეთივე იქნება წინასწარმეტყველის უმართლობა, როგორიც შემკითხველისა.
- 11რათა მეტად აღარ განმიდგეს სახლი ისრაელისა და აღარ შეიბილწოს ყველა თავისი დანაშაულით! გახდეს ჩემი ხალხი, მე კი ვიყო მათი ღმერთი! - ამბობს უფალი ღმერთი”.
- 12იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 13"ძეო კაცისავ! როცა შესცოდავს ქვეყანა ჩემ წინაშე და მიღალატებს, ხელს გავიწვდენ მასზე და გავუნადგურებ საკვების მარაგს; დავუშვებ მასზე შიმშილს და მოვკვეთ მისგან ადამიანსა და საქონელს.
- 14ეს სამი კაციც რომ აღმოჩენილიყო მასში - ნოე, დანიელი და იობი, თავისი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულებს გადაირჩენდნენ!” - ამბობს უფალი ღმერთი,
- 15"თუნდაც დაუნდობელი მხეცები შევუსიო იმ ქვეყანას, გააუკაცრიელონ და გააუდაბურონ მიწა, აღარავინ დარჩეს გამვლელი იმ მხეცების გამო,
- 16და ეს სამი კაცი ცხოვრობდეს იქ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, ვერც ძეებს დაიხსნიდნენ და ვერც ასულთ, მხოლოდ თავს გადაირჩენდნენ, ის ქვეყანა კი გატიალდებოდა.
- 17ან მახვილი რომ დავუშვა იმ ქვეყანაზე და ვბრძანო: დაე, მახვილმა მოიაროს ეს ქვეყანა და ამოჟლიტოს-მეთქი ადამიანი და საქონელი.
- 18და ეს სამი კაცი ცხოვრობდეს იქ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, ვერც ძეებს დაიხსნიდნენ და ვერც ასულთ, მხოლოდ თავებს გადაირჩენდნენ.
- 19ან შავი ჭირი მოვუვლინო იმ ქვეყანას და სისხლად დავანთხიო მასზე ჩემი გულისწყრომა ადამიანისა და საქონლის გასაწყვეტად.
- 20ნოე, დანიელი და იობიც რომ იყვნენ იქ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, ვერც ძეებს დაიხსნიდნენ და ვერც ასულთ, თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ თავებს გადაირჩენდნენ”.
- 21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "რა საშინელება იქნება, როცა ჩემი ოთხი მძიმე სასჯელი - მახვილი და შიმშილი, დაუნდობელი მხეცი და შავი ჭირი - დაეშვება იერუსალიმზე, რათა ამოვწყვიტო ადამიანი და საქონელი.
- 22აჰა, დარჩება მასში ნატამალი, იქიდან დახსნილი ძეებისა და ასულებისა! აჰა, გამოვლენ, დაინახავთ მათ სვლასა და მოქმედებას და ნუგეშცემული იქნებით უბედურებაში, რომელიც მე მოვაწიე იერუსალიმზე, ყოველივეში, რაც მოვაწიე.
- 23ინუგეშებთ, როცა მათ სვლასა და მოქმედებას იხილავთ და მიხვდებით, რომ უმიზეზოდ არ მომიმოქმედია ის, რაც მოვიმოქმედე!” აცხადებს უფალი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი