ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1"შენ კი, იგლოვე ისრაელის მთავრებზე.
- 2თქვი: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებს შორის. ლომის ბოკვერებთან იწვა იგი, ზრდიდა თავის ლეკვებს.
- 3გაზარდა ერთი ლეკვთაგანი, ლომის ბოკვერად იქცა და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ადამიანს ჭამდა.
- 4გაიგეს ხალხებმა მისი ამბავი, ორმოში შეიპყრეს და კავებით წაიყვანეს ეგვიპტის ქვეყანაში.
- 5ძუ ლომმა დაინახა, როცა ელოდა, რომ მისი იმედი დაიკარგა; აიყვანა სხვა თავისი ლეკვთაგანი და ბოკვერად დაისვა იგი.
- 6ლომთა შორის დადიოდა ისიც, ლომად იქცა და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ადამიანს ჭამდა.
- 7ანგრევდა მათ სიმაგრეებს, მათ ქალაქებს ატიალებდა; შეძრწუნდა ქვეყანა მისი ღრიალის გამგონე.
- 8ხალხები შემოადგნენ გარშემო თავ-თავიანთი ოლქებიდან, თავიანთი ბადე ესროლეს და ორმოში შეიპყრეს.
- 9კავებით ჩასვეს გალიაში და ბაბილონის მეფესთან მიიყვანეს; ციხე-სიმაგრეში შეიყვანეს, რომ აღარ გახმიანებულიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
- 10წყლის პირას დარგული ვაზივით იყო დედაშენი. ნაყოფიერი და განტოტვილი უხვი წყლის გამო.
- 11მაგარი ტოტები ჰქონდა ხელმწიფეთა კვერთხისთვის, ღრუბლებს ასცდა ტანაყრილი; ასე ჩანდა აღზევებული და განტოტვილი.
- 12მაგრამ რისხვით აღმოიფხვრა და მიწაზე იქნა დაგდებული. მისი ნაყოფი აღმოსავლეთის ქარმა გაახმო, მოემტვრა და გაუხმა მაგარი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა ისინი.
- 13ახლა უდაბნოშია დარგული, მშრალ და მწყურვალე ქვეყანაში.
- 14ცეცხლი გამოვიდა მისი ღეროდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისთვის. ეს არის გოდება; იქცა იგი გოდების ფსალმუნად.
იტვირთება შემდეგი თავი