ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    და იყო მეშვიდე წელს, მეხუთე თვის მეათე დღეს, მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან უფალთან საკითხავად. დასხდნენ ჩემს წინ.
  2. 2
    იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
  3. 3
    "ძეო კაცისავ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემთან საკითხავად ამოხვედით? თუ ცოცხალი ვარ, არ გაკითხვინებთ! - ამბობს უფალი ღმერთი.
  4. 4
    განსჯი მათ? განსჯი მათ, ძეო კაცისავ? მაშინ განუცხადე მათ მათი მამების სისაძაგლენი!
  5. 5
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა მე ამოვირჩიე ისრაელი და დავუფიცე იაკობის ტაძრის შთამომავლობას, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ჩემი ხელით გამოვიყვანე; ვეუბნებოდი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი.
  6. 6
    იმ დღეს შევფიცე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის მიწიდან ქვეყანაში, მათთვის რომ დავიგულე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, ყველაზე მშვენიერ ქვეყანაში.
  7. 7
    ვუთხარი: მოიშორეთ თითოეულმა თვალთაგან თქვენი სისაძაგლენი და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  8. 8
    მაგრამ ამიჯანყდნენ, არ მოინდომეს ჩემი მოსმენა; არც ერთმა არ მოიშორა თავისი სისაძაგლე თვალთაგან, არ მიატოვეს ეგვიპტის კერპები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას და აღვასრულებ მათზე ჩემს რისხვას შუაგულ ეგვიპტის მიწაზე.
  9. 9
    მაგრამ ასე არ მოვიქეცი ჩემი სახელის გამო, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იმყოფებოდნენ და ვის თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის ქვეყნიდან.
  10. 10
    გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მივიყვანე უდაბნოში.
  11. 11
    დავუდგინე მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინა ისინი თითოეულს და ეცოცხლა მათი მეშვეობით.
  12. 12
    ჩემი შაბათებიც მივეცი, რომ ნიშნად ყოფილიყო ჩემსა და მათ შორის და მიმხვდარიყვნენ რომ, მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.
  13. 13
    მაგრამ უდაბნოში ამიჯანყდა სახლი ისრაელისა, არ დადიოდნენ ჩემი წესებისამებრ, მოიძულეს ჩემი სამართალი, რომელსაც თუ კაცი აღასრულებდა, მისით იცოცხლებდა; დიდად შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას მათზე უდაბნოში, რათა შთანთქმულიყვნენ ისინი.
  14. 14
    მაგრამ ჩემი სახელის გამო განზრახ მოვიქეცი ისე, რომ იმ ხალხთა თვალში არ შელახულიყო, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.
  15. 15
    ხელაღმართულმა დავუფიცე მათ უდაბნოში, რომ აღარ შევიყვანდი ქვეყანაში, რომელიც მივეცი, სადაც რძე და თაფლი მოედინება და რომელიც ყველა ქვეყანაზე მშვენიერია.
  16. 16
    რადგან უკუაგდეს ჩემი სამართალი, ჩემი წესებისამებრ არ დადიოდნენ და შებღალეს ჩემი შაბათები, ვინაიდან კერპებს ელტვოდა მათი გული.
  17. 17
    მაგრამ შეიბრალა ისინი დაღუპვისგან ჩემმა თვალმა და აღარ მომისპია უდაბნოში.
  18. 18
    მათ შვილებს ვუთხარი: ნუ ივლით თქვენი მამების წესებისამებრ, მათი სამართალი არ დაიცვათ და მათი კერპებით არ შეიბილწოთ-მეთქი.
  19. 19
    მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ, ჩემი სამართალი დაიცავით და აღასრულეთ.
  20. 20
    წმიდა ჰყავით ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის, რათა მიხვდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.
  21. 21
    მაინც ამიჯანყდნენ შვილები, არ იარეს ჩემი წესებით, არ დაიცვეს ჩემი სამართალი, არ აღასრულეს, რომ ეცოცხლათ მისი მეშვეობით; შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას, რათა ჩემი რისხვა აღვასრულო მათზე უდაბნოში.
  22. 22
    ისევ დავუშვი ხელი. ჩემი სახელის გამო დავუშვი, რომ არ შებღალულიყო იმ ხალხთა თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.
  23. 23
    ხელი აღვმართე მათზე უდაბნოში, რათა ხალხებში გამეფანტა ისინი და ქვეყნებში გამებნია.
  24. 24
    ვინაიდან არ აღასრულებდნენ ჩემს სამართალს, ჩემი წესები მოიძულეს, ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპებს ელტვოდა მათი თვალი.
  25. 25
    ამიტომაც დავუშვი უკეთური წესები და სამართალი, რომელიც ვერ აცოცხლებდა მათ.
  26. 26
    იბილწებოდნენ ისინი თავისივე მსხვერპლებით, როცა ცეცხლში ატარებდნენ საშოს ყველა პირველნაყოფს, რომ გამეპარტახებინა ისინი და გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი.
  27. 27
    ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ძეო კაცისავ! უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმითაც შეურაცხმყოფდნენ თქვენი მამები, რომ მუხთლად მღალატობდნენ.
  28. 28
    მოვიყვანე ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე, რომ მათ მივცემდი; მათ კი, სადაც მაღლობი და შეფოთლილი ხე ნახეს, იქ სწირავდნენ მსხვერპლებს, განმარისხებდნენ შენაწირებით, აღავლენდნენ კეთილსურნელებას და ღვრიდნენ საღვრელებს.
  29. 29
    ვუთხარი: რა არის ის მაღალი ადგილი, თქვენ რომ დადიხართ-მეთქი? ამიტომაც დღემდე "ბამა” ეწოდება სახელად.
  30. 30
    ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა თქვენი მამების გზაზე არ იბილწებით და მათი სისაძაგლეების კვალდაკვალ არ მრუშობთ,
  31. 31
    თქვენი მსხვერპლები რომ მიგაქვთ და თქვენს ძეებს ცეცხლში ატარებთ? დღემდე იბილწებით თქვენი კერპით და განა თავს გამოგაკითხვინებთ, ისრაელის სახლო?! ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი ღმერთი, არ გამოგაკითხვინებთ თავს!
  32. 32
    არ იქნება, რასაც ფიქრობთ, რომ ამბობთ, სხვა ხალხებივით ვიქნებით, სხვა ქვეყნების ტომებივით ვემსახურებითო ხესა და ქვას!”
  33. 33
    "ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი ღმერთი, თუ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გულისწყრომის გადმოღვრით არ ვიბატონო თქვენზე.
  34. 34
    გამოგიყვანთ ხალხებიდან, შეგაქუჩებთ ქვეყნებიდან, სადაც გაიფანტეთ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გადმოღვრილი გულისწყრომით;
  35. 35
    მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ დაგდებთ მსჯავრს,
  36. 36
    როგორც თქვენს მამებს დავადე მსჯავრი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, თქვენც ისე დაგადებთ მსჯავრს! - ამბობს უფალი ღმერთი.
  37. 37
    გაგატარებთ კვერთხის ქვეშ და აღთქმის ბორკილებს დაგადებთ.
  38. 38
    გამოვაცალკევებ თქვენგან მეამბოხეებსა და დამნაშავეებს ჩემ წინაშე, გამოვიყვან მათი ხიზნობის ქვეყნიდან, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ შემოვლენ. მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
  39. 39
    შენ კი, სახლო ისრაელისა, ამბობს უფალი ღმერთი, თითოეული თქვენს კერპებთან წადით და მათ ემსახურეთ; რადგან ჩემსას არ ისმენთ, აღარც ჩემი წმიდა სახელი შებღალოთ თქვენი ძღვენითა და კერპებით.
  40. 40
    რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, იქ მომემსახურება ისრაელის მთელი სახლი - ყველანი ამ ქვეყნად. იქ ვისურვებ მათ, იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლიდან, მთელი თქვენი წმიდა ძღვენით.
  41. 41
    საამო კეთილსურნელებად მიგიღებთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ და წმიდად გამოვჩნდები თქვენში ხალხების თვალწინ.
  42. 42
    მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როცა მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ თქვენს მამებს მივცემდი!
  43. 43
    გაგახსენდებათ იქ თქვენი გზები და ყველა თქვენი ნამოქმედარი, რითაც შეიბილწეთ და შეგძაგდებათ თქვენი თავი ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეთ.
  44. 44
    და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემი სახელის გამო მოგექცევით და არა თქვენი ბოროტი გზებისა და გარყვნილი საქმეების მიხედვით, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი ღმერთი!”
  45. 45
    იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  46. 46
    "ძეო კაცისავ! სახე მიმართე თემანის გზისკენ, ელაპარაკე სამხრეთს და უწინასწარმეტყველე ნეგების დაბლობის ტყეს.
  47. 47
    უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე სიტყვა უფლისა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, ცეცხლს წაგიკიდებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აგიზგიზებული ალი, მოიხრუკება მასში ყველაფერი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
  48. 48
    იხილავს ყველა ხორციელი, რომ მე, უფალმა გავაღვივე ის და არ ჩაქრება!”
  49. 49
    მივუგე: "ოჰ ღმერთო, უფალო, ისინი ამბობენ, იგავებს ხომ არ თხზავსო იგი?”
იტვირთება შემდეგი თავი
ეზეკიელი 20 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა