ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ერთი დედის ასულნი.
- 3მეძავობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე როსკიპობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი, იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულობის დვრილნი.
- 4მათი სახელები იყო: უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას - ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი და შვეს ძენი და ასულნი. ეს არის მათი სახელები: ოჰოლა სამარიაა და ოჰოლიბა - იერუსალიმი.
- 5გამეძავდა ოჰოლა ჩემს ხელში, ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელებს, თავის მეზობლებს.
- 6ძოწეულით იყვნენ შემოსილნი, სარდლები და ერისმთავრები; სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნები;
- 7მათთან როსკიპობდა, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა; ყველა მათი კერპით შეიბილწა თავი.
- 8არ შეუწყვეტია მეძავობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან იწვა ყმაწვილობაში, მათ სრისეს მისი ნორჩი მკერდი და მასზე დაღვარეს თავიანთი გარყვნილება.
- 9ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურის ძეთა ხელში, რომლებსაც ეტრფოდა.
- 10მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, თავად კი მახვილით მოკლეს. ამიტომ იქცა იგავად ქალთა შორის, როცა სამართალი აღუსრულეს.
- 11დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა.
- 12აშურელებს ეტრფოდა, სარდლებსა და ერისმთავრებს, თავის მეზობლებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ცხენებზე ამხედრებულ ცხენოსნებს, სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
- 13დავინახე, რომ შეიბილწა - ერთი გზა ჰქონდა ორივეს.
- 14მაგრამ უმატა თავის როსკიპობას: დაინახა კედელზე მოხატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, სინგურით დახატული,
- 15წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მხედართმთავრების მსგავსნი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა.
- 16დაინახა და ვნებით აინთო მათ მიმართ; მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
- 17მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცელისთვის და შებილწეს იგი თავიანთი გარყვნილებით. მათთან ერთად შეიბილწა და გული აიყარა მათზე.
- 18გამოაჩინა თავისი როსკიპობა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე; მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა აყრილი.
- 19ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;
- 20ეტრფოდა იგი თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და რომელთა ვნებაც ულაყთა ვნებაა.
- 21ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს!
- 22ამიტომ, ოჰოლიბავ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, გული რომ აგიყრია მათზე, და შემოგისევ ყოველი მხრიდან.
- 23ბაბილონის ძეებს და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს, კოაელს და აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, სანატრელ ჭაბუკებს, სარდლებსა და ერისმთავრებს, მხედართმთავრებსა და სახელოვან ხალხს, ყველა ცხენოსანს;
- 24იარაღით გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ეტლებითა და უამრავი ხალხით. გარს შემოგადგებიან დარაკითა და ფარ-მუზარადით. მათ ხელთ გადაგცემ სამსჯავროდ და თავიანთი სამართლით გაგასამართლებენ.
- 25ჩემს შურს მოვაქცევ შენზე და სასტიკად მოგექცევიან; ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენნი მახვილით დაეცემიან; შენს ძეებსა და ასულებს გაირეკავენ, ცოცხლად დარჩენილებს კი ცეცხლი შეჭამს.
- 26სამოსელს გაგაძრობენ და სამკაულებს აგართმევენ.
- 27ბოლოს მოვუღებ შენს ვნებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ როსკიპობას, აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტეს მეტად აღარ გაიხსენებ.
- 28რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შეიძულე; იმათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.
- 29სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.
- 30ასე დაგემართება, რადგან ერებთან მრუშობდი და კერპებით იბილწავდი თავს.
- 31შენი დის გზით დადიოდი და მის ფიალას მოგცემ ხელში.
- 32ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის ფიალას დალევ, ღრმასა და ფართოს! სასაცილო და მასხრად აგდებული იქნები, რადგან ბევრს იტევს იგი.
- 33სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და განადგურების ფიალაა, შენი დის, სამარიის ფიალა.
- 34დალევ, ფსკერამდე ამოაშრობ, კიდეებს დაუხრავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 35ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”.
- 36მითხრა უფალმა: "ძეო კაცისავ! გაასამართლებ ოჰოლასა და ოჰოლიბას? მაშინ გამოუცხადე მათ თავიანთი სისაძაგლეები.
- 37რადგან როსკიპობდნენ და სისხლიანი აქვთ ხელები; კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეებს, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
- 38ესეც გამიკეთეს - ჩემი საწმიდარი შებილწეს იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს.
- 39რადგან, როცა თავიანთ ძეებს სწირავდნენ კერპებს, იმავე დღეს შედიოდნენ ჩემს საწმიდარში, რომ შეებილწათ იგი. ასე იქცეოდნენ ჩემს სახლში.
- 40ამას გარდა, შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მოციქულებს, რათა კაცები მოსულიყვნენ შენთან. და, აჰა, მოდიოდნენ კიდეც ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკაულებით იმკობდი თავს.
- 41ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი, წინ გაშლილი ტაბლა გედო, ზედ ჩემს საკმეველსა და ზეთს აწყობდი.
- 42უზრუნველი ბრბოს ხმით იყო გარემოცული, იქ შეკრებილ კაცებთან მოჰქონდათ ღვინო უდაბნოდან. სამაჯურებით გიმკობდნენ ხელებს და მშვენიერ გვირგვინებს გადგამდნენ თავზე.
- 43ვთქვი ამ მრუშობით გაცვეთილზე: დაე, მოექცნენ მას, როგორც მეძავს, რადგან ასეთია ის.
- 44შედიოდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან, ისე შედიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.
- 45მართალი კაცები გაასამართლებენ მათ მრუშობის სასამართლოთი და სისხლისღვრის სასამართლოთი, რადგან მრუშნი არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.
- 46რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი ისინი შიშის ზარსა და ძარცვა-გლეჯას!
- 47ქვით ჩაქოლავს მათ ბრბო და მახვილით აკუწავს; მათ ძეებსა და ასულებს მოსრავენ და მათ სახლებს ცეცხლში დაწვავენ.
- 48ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყველა ქალი; თქვენნაირად აღარავინ გაირყვნება.
- 49თქვენ გადაიხდით თქვენივე გარყვნილების საფასურს და სასჯელს იტვირთავთ თქვენი კერპების გამო; ასე გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!”
იტვირთება შემდეგი თავი