ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 24

  1. 1
    იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს:
  2. 2
    "ძეო კაცისავ! ჩაიწერე, ჩაიწერე შენთვის ამ დღის სახელი, ზუსტად ამ დღისა; ზუსტად ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს.
  3. 3
    ელაპარაკე მეამბოხე სახლს იგავით და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქვაბი შემოდგი ცეცხლზე, შემოდგი და შიგ წყალი ჩაასხი.
  4. 4
    ნაჭრები ჩაყარე შიგ, კარგი ნაჭრები, ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით გაავსე.
  5. 5
    ნარჩევი ცხვრებისგან აიღე, ქვეშ შეშა შეუკეთე და ადუღე, რომ ძვლები მოიხარშოს.
  6. 6
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ჟანგიან ქვაბს რომ ჰგავს და რომლის ჟანგიც არ გადმოდის მისგან. ნაჭერ-ნაჭერ ამოიღე ნაჭრები, რჩევის გარეშე.
  7. 7
    რადგან მისი სისხლი მის წიაღშია, სალ კლდეზე დაასხა, მიწაზე არ დაუღვრია, მტვრით რომ არ დაფარულიყო.
  8. 8
    რათა რისხვით ავნთებულიყავი შურისძიებისთვის; მე დავასხი მისი სისხლი სალ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.
  9. 9
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, მე გავაღვივებ კოცონს.
  10. 10
    შეშა მიუმატე, ცეცხლი გააღვივე, ბოლომდე ჩახარშე ხორცი, ისე, რომ ძვლებიც ჩაიხარშოს.
  11. 11
    ცარიელი იდგას ნაკვერჩხლებზე, რათა გაცხელდეს და სპილენძი გავარვარდეს, გადნეს შიგნით მისი სიბილწე და გამოიწვას მისი ჟანგი.
  12. 12
    ჯაფისგან მოიქანცე, და მაინც არ მოცილდა ღრმა ჟანგი, ამიტომ ცეცხლს მიეცი ქვაბი, თავის ჟანგთან ერთად.
  13. 13
    შენს უწმიდურებაშია შენი სისაძაგლე, რადგან გწმენდდი და არ განიწმინდე შენი უწმიდურებისგან! მეტად აღარ განიწმინდები, სანამ არ დაცხრება შენზე ჩემი გულისწყრომა.
  14. 14
    მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
  15. 15
    იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
  16. 16
    "ძეო კაცისავ! ერთი ხელის მოსმით წაგართმევ შენი თვალისთვის სასურველს. არ დაიჩივლო, არც იტირო და არც ცრემლი გადმოყარო.
  17. 17
    მდუმარედ იგლოვე, მკვდრებს ნუ დაიტირებ, თავი დაიბურე და ფეხსაცმელი ჩაიცვი ფეხებზე, ულვაშს ნუ დაიფარავ და უცხოთა პურს ნუ შეჭამ”.
  18. 18
    დილით ხალხს ველაპარაკე საღამოს კი მოკვდა ჩემი ცოლი. და შევასრულე დილით, რაც ნაბრძანები მქონდა.
  19. 19
    მითხრა ხალხმა: "ნუთუ არ გვეტყვი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?”
  20. 20
    ვუპასუხე: "ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
  21. 21
    უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, აჰა, შევბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალებისთვის სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენს ძეებსა და ასულებს კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დავცემ.
  22. 22
    იმას გააკეთებთ, რაც მე გავაკეთე, ულვაშს არ დაიფარავთ და უცხოთა პურს არ შეჭამთ.
  23. 23
    საბურველი გექნებათ თავზე და ფეხსაცმელი - ფეხებზე. ნუ იგლოვებთ და ნუ დაიტირებთ; დალპებით თქვენს უმართლობაში და იკვნესებთ თითოეული თქვენს ძმაზე.
  24. 24
    ეზეკიელი იქნება ყველა თქვენგანისთვის ნიშნად: როგორც ის მოიქცა, თქვენც ისე მოიქცევით. ეს რომ მოხდება, მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
  25. 25
    და შენ, ძეო კაცისავ! იმ დღეს იქნება, როცა წავართმევ მათ საყრდენს, მათი სიხარულის სიამაყეს და თვალთათვის სასურველს, მათი გულების დარდს - მათ ძეებსა და ასულებს.
  26. 26
    იმ დღეს მოგივა იქიდან თავდაღწეული, რათა გაცნობოს.
  27. 27
    და იმ დღეს გაგეხსნება პირი და ალაპარაკდები თავდაღწეულის ხილვისას და აღარ დამუნჯდები; იქნები მათთვის ნიშნად და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!”
იტვირთება შემდეგი თავი
ეზეკიელი 24 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა