ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! მიმართე სახე ყამონის ძეთაკენ და მათ წინააღმდეგ იწინასწარმეტყველე.
- 3უთხარი: ყამონის ძენო, ისმინეთ-თქო უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგანაც გაიცინე ჩემს საწმიდარზე, როცა შეიბღალა და ისრაელის მიწაზე, როცა გაუკაცრიელდა და იუდას სახლზე, როცა დევნილობაში წავიდა.
- 4ამიტომ, აჰა, მეც აღმოსავლეთის ძეთ მიგცემ სამკვიდროდ, შენ შორის დასცემენ ბანაკებს და საცხოვრებლებს მოიწყობენ. შენს ნაყოფს შეჭამენ და შენს რძეს დალევენ.
- 5აქლემების საძოვრად ვაქცევ რაბას, ყამონის ძეთა ქვეყანას კი - ცხვრის ფარების სადგომად; და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
- 6რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტაშს უკრავდი, ფეხს აბაკუნებდი და სულის მთელი მძულვარებით ხარობდი ისრაელის მიწაზე.
- 7ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და გასაძარცვად გადაგცემ ხალხებს; აღმოგფხვრი ხალხებიდან და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
- 8ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, სხვა ერებივით გახდაო იუდას სახლი;
- 9ამიტომ, აჰა, გვერდებს შემოვაცლი მოაბის ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს.
- 10აღმოსავლეთის ძეთ მივცემ სამკვიდროდ ყამონის ძეებიანად, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონის ძენი ხალხებში.
- 11სამართალს აღვუსრულებ მოაბს და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
- 12ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ედომი იუდას ტაძრის წინააღმდეგ წავიდა და შური იძია, ამით დააშავა და მასზეც შური იქნება ნაძიები!
- 13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც მოვუღერებ ხელს ედომს, მოვუსპობ კაცსა და პირუტყვს, ნანგრევებად ვაქცევ მას და თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
- 14შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 15ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელნი და შური იძიეს სულის ზიზღით, რათა გაენადგურებინათ იუდა მარადიული მტრობით,
- 16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვისპირეთის ნატამალს.
- 17მრისხანე მხილებებით აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემს შურისგებას აღვასრულებ მათზე!”
იტვირთება შემდეგი თავი