ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1მეთერთმეტე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! რადგან ტვიროსი იერუსალიმზე ამბობს: ეჰე! დაიმსხვრა კარიბჭე ხალხებისა, ჩემკენ მობრუნდა, მე გავივსები, ის კი, აოხრებულიაო.
- 3ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, ტვიროსო, ისე აგიმხედრებ მრავალ ხალხს, როგორც ზღვა აზვირთებს ტალღებს.
- 4დაანგრევენ ტვიროსის გალავნებს, ჩამოანგრევენ მის კოშკებს! გამოვფხეკ მის ნამსხვრევებს და სალ კლდედ ვაქცევ;
- 5ბადეების დასაგებ ადგილად ვაქცევ შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვილაპარაკე! ამბობს უფალი ღმერთი, იქნება იგი საძარცვად ხალხთათვის.
- 6ასულნი მისი, ველზე მყოფნი, მახვილით დაეცემიან და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”
- 7ვინაიდან, ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, ჩრდილოეთიდან მოვიყვან ტვიროსზე ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებით, ეტლებითა და მხედრებით, ჯარითა და მრავალი ხალხით.
- 8შენს ასულებს მახვილით ჩახოცავს ველზე, ალყაში მოგიქცევს, მიწაყრილს შემოგავლებს და ფარს აღმართავს შენზე.
- 9კედლის სანგრევ მანქანას დადგამს შენს კედლებთან და შენს კოშკებს მახვილით ჩამოანგრევს.
- 10მისი მრავალრიცხოვანი ცხენების მტვერი დაგფარავს, მხედრების, ბორბლებისა და ეტლების ხმა შეარყევს შენს კედლებს, როცა მოვლენ შენს კარიბჭესთან, დაცემულ ქალაქში შემოსასვლელად.
- 11მისი ცხენების ფლოქვები გათელავენ შენს ყველა ქუჩას, შენი ხალხი მახვილით მოისრება და შენი ძლევამოსილების სვეტები მიწაზე დაემხობა.
- 12დაიტაცებენ შენს სიმდიდრეს და შენი საქონელი ნადავლად ექნებათ; ჩამოანგრევენ შენს კედლებს და შენს მშვენიერ სახლებს დალეწენ; შენს ქვებს, ხესა და მიწას ზღვაში ჩაყრიან.
- 13შეწყვეტ შენი სიმღერების გუგუნს და შენი ქნარის ხმა აღარ გაისმება.
- 14სალ კლდედ გაქცევ, ბადეების გასაფენ ადგილად და მეტად აღარ აშენდები, რადგან მე, უფალმა ვილაპარაკე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 15ასე ეუბნება ღმერთი, უფალი ტვიროსს: "შენი დამხობის ხმა და შენს შიგნით ჟლეტისას დაჭრილთა კვნესა შეარყევს კუნძულებს.
- 16ჩამოვა თავ-თავისი ტახტიდან ზღვის ყველა მთავარი, მოიხსნის თავის მანტიას, ნაქარგ სამოსელს გაიხდის, შიშით შეიმოსება, მიწაზე დაჯდება და შეძრწუნდება შენი ხვედრის გამო.
- 17დაიწყებენ შენზე მოთქმას და გეტყვიან: როგორ განადგურდი, მეზღვაურებით დასახლებულო, ღირსეულო ქალაქო, ზღვებზე ძლევამოსილო; შენ და მცხოვრებნო მისნო, შიშს რომ ჰგვრიდით ყველას.
- 18ათრთოლდებიან ახლა კუნძულები შენი დამხობის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვაში შენ გამო განდევნილი კუნძულელნი”.
- 19რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "როცა უდაბურ ქალაქად გადაგაქცევ, დაუსახლებელი ქალაქებივით, როცა უფსკრულს მოგაწევ და დაგფარავენ დიდი წყლები,
- 20მაშინ ჩაგიყვან საფლავში ჩამსვლელებთან ერთად ძველ ხალხთან, დაგამკვიდრებ ქვესკნელში ძველთაგანვე მოოხრებულ ადგილებში, საფლავში ჩასულებთან ერთად, რათა აღარ დაგასახლონ და აღარ იყოს შენთვის ადგილი ცოცხალთა ქვეყანაზე.
- 21საშინელებას მოგაწევ და აღარ იქნები; მოგძებნიან და ვეღარასოდეს გიპოვიან”, ამბობს უფალი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი