ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"შენ კი, ძეო კაცისავ! გოდება გამართე ტვიროსზე.
- 3და უთხარი ზღვის შესასვლელთან დასახლებულ ტვიროსს, მრავალ ზღვისპირა ქვეყნების ხალხებთან მოვაჭრეს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, გითქვამს, სრულყოფილი ვარო მშვენებაში.
- 4ზღვების გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს მშვენება შენი.
- 5სენირის კვიპაროსებისგან დაგიმზადეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი ჩამოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
- 6ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.
- 7ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;
- 8ციდონელები და არვადელები გყავდა მენიჩბეებად; შენი ბრძენკაცები გყავდა, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
- 9გებალის უხუცესნი და მისი ბრძენკაცები შენთან იყვნენ ბზარების შესაკეთებლად, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რომ ვაჭრობა წარემართათ.
- 10სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცები. ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ, ისინი გმატებდნენ ბრწყინვალებას.
- 11არვადის ძენი და შენი ლაშქარი იდგნენ კედლებზე გუშაგებად შენს გარშემო, გამადიმელნი იყვნენ შენს კოშკებში; თავიანთ ფარებს ირგვლივ შენს კედლებზე ჰკიდებდნენ. ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
- 12თარშიში ვაჭრობდა შენთან, ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ შენს საქონელში.
- 13იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი ვაჭრები, ცოცხალ ადამიანებს და სპილენძის ჭურჭელს გიცვლიდნენ საქონელში;
- 14თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებსა და ჯორებს გაძლევდნენ შენს საქონელში.
- 15დედანის ძენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი და მრავალი ზღვისპირა ქვეყანა იყო შენი სავაჭრო ადგილი. სპილოს ეშვები და შავი ხე მოჰქონდათ საფასურად.
- 16არამის ძენი ვაჭრობდნენ შენთან, შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო; ზურმუხტს, მეწამულსა და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანსა და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში.
- 17იუდა და ისრაელის ქვეყანა იყვნენ შენთან მოვაჭრენი, მინითის ხორბალს, პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
- 18დამასკო იყო შენთან მოვაჭრე, შენი მრავალი ნაკეთობისა და ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ხელბონის ღვინისა და თეთრი მატყლის გამო.
- 19დანი და იავანი ნაწრთობ რკინას, დარიჩინსა და ტკბილ ლერწამს გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ უზალიდან.
- 20დედანი საუნაგირე მორთულობით გევაჭრებოდა.
- 21არაბეთი და კედარის ყველა მთავარი ვაჭრობდა შენთან; ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით გევაჭრებოდნენ.
- 22შებასა და რაყმას მოვაჭრენიც შენთან ვაჭრობდნენ; ყველანაირ საუკეთესო ნელსაცხებელს, ყოველგვარ ძვირფას ქვასა და ოქროს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
- 23ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, ასევე აშური და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ,
- 24შენთან ვაჭრობდნენ ძვირფასი სამოსელით, ლურჯი ნაქარგი მოსასხამებით, სხვადასხვაფერის ქსოვილით გაწყობილი ხალიჩებითა და მჭიდროდ ნაქსოვი თოკებით, შენს მოვაჭრეთა შორის რომ იყო.
- 25თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდათ შენი საქონელი, აივსე და დიდად განდიდდი ზღვის შუაგულში.
- 26დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა ზღვის შუაგულში.
- 27შენი სიმდიდრე, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი მეზღვაურნი და მესაჭეები, ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლით მოვაჭრენი, ყველა შენი მეომარი, ვინც შენთანაა და მთელი კრებული, შენ შორის მყოფი, ზღვის შუაგულში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.
- 28შენი მესაჭეების ყვირილი შეარყევს შემოგარენს.
- 29თავ-თავიანთი ხომალდიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგებიან.
- 30ხმას აიმაღლებენ შენ გამო და მწარედ აქვითინდებიან, მტვერს დაიყრიან თავზე და ნაცარში გაგორდებიან.
- 31შენ გამო თავს გადაიპარსავენ, ჯვალოს ჩაიცვამენ და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
- 32კვნესით დაგიტირებენ და გიგლოვებენ: "ვინ არის ტვიროსივით? მასავით ვინ დადუმებულა შუაგულ ზღვაში?”
- 33როცა ზღვებით გადიოდა შენი საქონელი, მრავალ ხალხს აძღობდი შენი უხვი დოვლათით და შენი ვაჭრობით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს.
- 34ახლა კი ზღვამ ჩაგლეწა წყლების სიღრმეებში, შენი საქონელი და მთელი შენი კრებული გაქრა შენთან ერთად.
- 35შენ გამო შეძრწუნდა ყველა ზღვისპირა ქვეყანა, მათ მეფეებს შიში დაეცათ, სახე აელეწათ.
- 36ხალხებში მოსიარულე ვაჭრები უსტვენენ შენ გამო, საშინელი აღსასრული გეწია, აღარ იქნები უკუნისამდე!”
იტვირთება შემდეგი თავი