ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! ტვიროსის მთავარს უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთების საკრებულოში ვზივარ შუაგულ ზღვაშიო! შენ კი კაცი ხარ და არა ღმერთი და გულით ღმერთის გულს ეტოლები.
- 3აჰა, შენ ფიქრობ, რომ დანიელზე ბრძენი ხარ და არავითარი საიდუმლო არაა შენთვის დაფარული.
- 4შენი სიბრძნითა და გონიერებით დააგროვე ქონება და ოქრო-ვერცხლი შენს საგანძურებში.
- 5შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.
- 6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე,
- 7ამიტომ, აჰა, გამოვიყვან შენზე უცხოებს, ხალხთაგან უსასტიკესთ, იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.
- 8საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები შუაგულ ზღვაში დაფლულთა სიკვდილით.
- 9შენს მკვლელსაც ეტყვი, ღმერთი ვარო? ადამიანი ხარ და არა ღმერთი შენი მკვლელის ხელში.
- 10წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვილაპარაკე, ამბობს უფალი ღმერთი”.
- 11და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 12"ძეო კაცისავ! გოდების ხმა აიმაღლე ტვიროსის მეფეზე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების მაგალითი იყავი, სიბრძნითა და სრული მშვენებით სავსე,
- 13ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყველა ძვირფასი ქვა გემოსა, წითელი ლალი, ტოპაზი და ალმასი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი, საფირონი, ზურმუხტი და ბივრილი; ოსტატურად გესხდა ოქროს ბუდეებში; შენი შექმნის დღეს გამზადდა.
- 14მფარველ ქერუბად გცხე, ღვთის წმიდა მთაზე დაგადგინე; ცეცხლოვან ქვებს შორის დადიოდი.
- 15უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა.
- 16შენი ნავაჭრის სიმრავლემ ძალადობით აგივსო შინაგანი და შესცოდე; მოგაშორე ღმერთის მთას, როგორც შებილწული და გაგაძევე, მფარველო ქერუბო, ცეცხლოვანი ქვების შუაგულიდან.
- 17აღზევდა შენი გული შენი სილამაზით, გაიხრწნა ბრწყინვალება შენი სიბრძნისა; მიწაზე დაგანარცხე, სასეიროდ გაქციე მეფეთა წინაშე.
- 18შენი მრავალი ურჯულოებით, შენი უმართლო ნავაჭრით შებღალე შენი საწმიდარნი; ცეცხლი გამოვიღე მისი წიაღიდან, რომელმაც გშთანთქა და ფერფლად გაქცია, დედამიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ.
- 19ყველა, ვინც გიცნობს ხალხთაგან, შეძრწუნდება შენზე; საფრთხობელად იქეცი და სამუდამოდ გარდახდები”.
- 20და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 21"ძეო კაცისავ! მიმართე სახე სიდონისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე.
- 22უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სიდონ! განვდიდდები შენში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა აღვასრულებ მასში სამართალს და წმიდად გამოვჩნდები მასში.
- 23შავ ჭირსა და სისხლს დავუშვებ მის ქუჩებში და ყოველი მხრიდან მასზე მომართული მახვილით დაეცემიან მის წიაღში განგმირულნი; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
- 24აღარ ეყოლება ისრაელის სახლს მჩხვლეტავი ეკალი და მტკივნეული ხიწვი ირგვლივ მყოფ ყველა მის მოძულეს შორის; და გაიგებენ, რომ მე ვარ ღმერთი, უფალი!
- 25ასე ამბობს უფალი ღმერთი: შემოვკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ, წმიდად გამოვჩნდები მათში ხალხთა დასანახად და დამკვიდრდებიან თავიანთ მიწაზე, მე რომ მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს.
- 26იცხოვრებენ მასზე უსაფრთხოდ, აიშენებენ სახლებს, ჩაყრიან ვენახებს და იცხოვრებენ უსაფრთხოდ, როცა განვიკითხავ ყველა მათ მოძულეს მათ ირგვლივ. მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი