ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! ეგვიპტის მეფის, ფარაონისკენ მიმართე სახე და იწინასწარმეტყველე მასზე და მთელ ეგვიპტეზე.
- 3ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენს წინააღმდეგ ვარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფევ, დიდო გველეშაპო, მდინარეთა შორის რომ გაწოლილხარ და ამბობ: "ჩემია ნილოსი, მე ჩემთვის შევქმენიო იგი”.
- 4კავებს გაგიყრი ყბებში და შენი მდინარეების თევზებს ქერცლებზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერცლებზე მოგეკრობა.
- 5უდაბნოში დაგაგდებ შენი მდინარეების მთელ თევზთან ერთად; გაშლილ ტრამალზე დაეცემი, არ შეიკრიბები და არ შეგროვდები; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ საჭმელად.
- 6და გაიგებს ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ მე ვარ უფალი, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის ტაძრისთვის.
- 7ხელს რომ გკიდებდნენ, იმსხვრეოდი და ყველა მათგანის მხარს ხვრეტდი; როცა გეყრდნობოდნენ, ტყდებოდი და წელში არყევდი.
- 8ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მახვილს მოვავლენ შენზე და მოვსრავ შენში ადამიანსა და პირუტყვს.
- 9უკაცრიელად და ნაოხარად იქცევა ეგვიპტის ქვეყანა, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, რადგან თქვი: "ჩემიაო ნილოსი და მე ჩემთვის შევქმენიო იგი!”
- 10ამიტომ, აჰა, მე ვარ შენი და შენი მდინარეების წინააღმდეგ; ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუკაცრიელებ მიგდოლიდან სევენემდე და ქუშის საზღვრამდეც კი.
- 11აღარ გაივლის მასში ადამიანის ფეხი და არც პირუტყვის ფეხი არ გაივლის მასში; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.
- 12გავაუკაცრიელებ ეგვიპტის ქვეყანას გაუკაცრიელებულ ქვეყნებს შორის და მის ქალაქებს მიწასთან გასწორებულ ქალაქებს შორის; უკაცრიელი იქნება იგი ორმოც წელს. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყნებს შორის.
- 13რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, რომელთა შორისაც გავფანტე ისინი.
- 14და დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, ფათროსის ქვეყანაში დავაბრუნებ, მათი წარმოშობის ქვეყანაში და უძლურ სამეფოდ იქნებიან.
- 15სხვა სამეფოებზე უძლური იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; მე დავამცირებ, რომ აღარ იბატონოს ხალხებზე.
- 16და აღარასოდეს იქნება იგი იმედად ისრაელის ტაძრისთვის, მხოლოდ იმ დანაშაულის გამხსენებლად დარჩება, მისკენ რომ ბრუნდებოდნენ; და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი”.
- 17ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 18"ძეო კაცისავ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე შრომით მოქანცა თავისი ლაშქარი ტვიროსის წინააღმდეგ. ყველა თავი ქაჩლდებოდა და ყველა ბეჭი ტყავდებოდა, მაგრამ გასამრჯელო არ ჰქონდა მას და მის ლაშქარს ტვიროსიდან იმ შრომისთვის, მის წინააღმდეგ რომ ეწეოდა.
- 19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას; წაიღებს იგი მის ქონებას, დაიტაცებს ნადავლს და გაძარცვავს მას. ეს ექნება მის ლაშქარს გასამრჯელოდ.
- 20მე მივეცი მას ეგვიპტის ქვეყანა იმ შრომის გამო, მან რომ გასწია, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 21იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და პირს გაგიხსნი მათ შორის; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”
იტვირთება შემდეგი თავი