ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! ფარაონს, ეგვიპტის მეფესა და მის სიმრავლეს უთხარი: ვის ედრები შენი სიდიადით?
- 3აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტყით, ტანმაღალი, ღრუბლებს ეხებოდა მისი კენწერო.
- 4წყლებმა გაზარდეს და უფსკრულმა აამაღლა. თავისი მდინარეებით გამუდმებით გარს უვლიდა ნარგავებს და თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ გზავნიდა.
- 5ამის გამო იყო, რომ მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა, რტოები გაეზარდა და ტოტები დაუგრძელდა უხვი წყლების გამო.
- 6მის რტოებში იბუდებდა ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს ქვეშ ბადებდა მინდვრის ყოველი მხეცი. დიდი ერები ცხოვრობდნენ მის ჩრდილქვეშ.
- 7მშვენიერი იყო თავის სიდიადეში, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.
- 8კედრებმა ვერ დაჩრდილეს იგი ღმერთის ბაღში, კვიპაროსები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით, ხოლო ჭადრები თავისი ტოტებით. ვერც ერთი ხე ვერ ედრებოდა თავისი მშვენებით ღმერთის ბაღში.
- 9ხშირი ტოტებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ბაღის ყველა ხეს, ღმერთის ბაღში რომ იყო.
- 10ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტანით გამაღლდა, ღრუბლებს მისწვდა მისი კენწერო და თავისი სიმაღლით გადიდგულდა,
- 11ხალხთა მძლეველს ჩავუგდებ ხელში და ის გაუსწორდება. მისი ბოროტების გამო გავაძევებ.
- 12მოკვეთეს იგი უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყარა მისი ტოტები და ქვეყნის ყველა მდინარეში ჩაილეწა მისი რტოები; მისი ჩრდილიდან გამოვიდა ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს იგი.
- 13მის ნანგრევებზე დაბინავდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს შეაფარებს თავს მინდვრის ყოველი მხეცი.
- 14რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ აღმართოს კენწერო ღრუბლებზე მაღლა; აღარ აღიმართონ კარგად დარწყულებული ძლიერი ტოტები სიმაღლეში, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცნენ ქვეშეთში საფლავად ჩასულ კაცთა ძეებს შორის.
- 15ასე ამბობს უფალი ღმერთი: გლოვა გავმართე მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს; უფსკრული დავუგმანე, მდინარეები დავაკავე და შეჩერდნენ დიდი წყლები. ლიბანი ვაგლოვე მასზე და მინდვრის ყოველი ხე მოსუსტდა მის გამო.
- 16ხალხები შევძარი მისი დაცემის ხმაზე, ქვესკნელში რომ ჩავიყვანე საფლავში ჩასულებთან; ნუგეშცემულ იქნა ედემის ყველა ხე, ქვესკნელის ქვეყანაში, ლიბანის რჩეულები და საუკეთესონი, წყლით უხვად დარწყულებულნი;
- 17ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ ქვესკნელში, მახვილით დახოცილებთან ერთად; მისი შემწენიც, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხებს შორის.
- 18რომელი შეგედრებოდა დიდებითა და ბრწყინვალებით ედემის ხეებს შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვესკნელში და წინადაუცვეთელებთან ერთად დაწვები, მახვილით დახოცილებთან ერთად. აი, ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი