ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 32

  1. 1
    მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
  2. 2
    "ძეო კაცისავ! იგლოვე ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და უთხარი: შენი თავი ლომი გგონია ხალხთა შორის, მაგრამ ზღვის ურჩხულს ჰგავხარ; მოხვედი და აქეთ-იქით აწყდები შენს მდინარეებში, ფეხებით ამღვრევ წყალს და ატალახებ მათ ნაკადებს.
  3. 3
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავშლი შენზე ჩემს ბადეს მრავალი ხალხის კრებულში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.
  4. 4
    მიგაგდებ მიწაზე, ღია მინდორში დაგტოვებ, დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს და შენით დავანაყრებ მიწის ყველა ცხოველს.
  5. 5
    შენს ხორცს მთებზე დავყრი და ხეობებს გავავსებ შენი მძორით.
  6. 6
    მთებამდე დავარწყულებ მიწას შენი სისხლით და ხეობები გაივსება შენი ხორცით.
  7. 7
    როცა მიგანავლებ, დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს, მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი სინათლით.
  8. 8
    ყველა კაშკაშა მნათობს დავაბნელებ ცაში შენს ზემოთ და წყვდიადს მოვფენ შენს ქვეყანაზე! - ამბობს უფალი ღმერთი.
  9. 9
    გულს დავუძაბუნებ მრავალ ერს, როცა შენი განადგურების ამბავს მივაწვდენ ხალხებსა და ქვეყნებს, რომელთაც არ იცნობ.
  10. 10
    მრავალი ხალხი შეიძვრება შენ გამო, შეძრწუნდებიან მათი მეფენი შენზე, როცა ხმალს მოვიქნევ მათ წინაშე და თითოეული თავისი სულის გამო იკანკალებს ყოველ წამს, შენი დაცემის დღეს.
  11. 11
    რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოგწვდება შენ.
  12. 12
    ძლიერთა მახვილით დავცემ შენს ურდოებს; ხალხთაგან უსასტიკესნი გაანადგურებენ ეგვიპტის სიამაყეს და დაიღუპება მისი ხალხი.
  13. 13
    მოვსპობ მთელ მის საქონელს დიდი წყლების პირზე, აღარ აამღვრევს მას მეტად ადამიანის ფეხი და აღარც საქონლის ჩლიქები აამღვრევს.
  14. 14
    მაშინ შევადედებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ! - ამბობს უფალი ღმერთი.
  15. 15
    როცა ავაოხრებ ეგვიპტის ქვეყანას და დაცარიელდება მისი მიწა სისავსისგან, როცა გავჟლეტ ყველა მასში მცხოვრებს, ეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.
  16. 16
    სამგლოვიარო სიმღერაა, რომ მოსთქვამენ; ხალხთა ასულნი მოსთქვამენ და მოსთქვამენ ეგვიპტესა და მის ხალხზე” - ამბობს უფალი ღმერთი.
  17. 17
    მეთორმეტე წელს, პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს, ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
  18. 18
    "ძეო კაცისავ! იგლოვე ეგვიპტის ხალხზე, დაამხე ის და დიდებული ხალხების ასულები ქვესკნელში საფლავად ჩასულებთან.
  19. 19
    ვისზე უკეთესი ხარ? ჩადი და დაწექი წინადაუცვეთელებთან.
  20. 20
    მახვილით მოკლულთა შორის დაეცემიან, ისიც მახვილს არის გადაცემული, მიუგდეთ ის და მთელი მისი ხალხი.
  21. 21
    ილაპარაკებენ შავეთში მასზე და მის მხარდამჭერებზე უძლიერესნი გმირთა შორის: დაეცნენ და წვანან წინადაუცვეთელნი და მახვილით მოსრილნი!
  22. 22
    იქვეა აშური და მთელი მისი კრებული, მისი საფლავის ირგვლივ; მოკლულია ყველა მისიანი, მახვილითაა განგმირული.
  23. 23
    საფლავები ქვესკნელის კიდეებთან დაუდგინეს, მისი კრებული მისი საფლავის ირგვლივაა; ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული; ისინი, ვინც შიშის ზარს სცემდა ცოცხალთა ქვეყანას.
  24. 24
    იქვეა ყელამი, მთელი თავისი ხალხით, მისი საფლავის ირგვლივ. ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული, წინადაუცვეთელები ჩავიდნენ ქვესკნელში, შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.
  25. 25
    განგმირულთა შორის მიუჩინეს სარეცელი მთელ თავის ხალხთან ერთად. მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველა წინადაუცვეთელია, მახვილით დაცემული; აკი თვითონ სცემდნენ შიშის ზარს ცოცხალთა ქვეყანას, მათაც იტვირთეს თავიანთი შერცხვენა საფლავში ჩასულებთან ერთად. მოკლულთა შორის განაწესეს.
  26. 26
    იქვე არიან მეშექი და თუბალი თავიანთ ხალხთან ერთად. მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველა წინადაუცვეთელია, მახვილით დაცემული, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
  27. 27
    არ უნდა განერთხნენ გმირებთან? დაცემულ წინადაუცვეთელებთან? საკუთარი საბრძოლო საჭურვლით ჩავიდნენ შავეთში, თავქვეშ ამოიდეს მახვილები, მათ ძვლებზე დაივანა მათმა ურჯულოებამ, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
  28. 28
    შენც ფარაონ, წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით განგმირულებთან ერთად დაწვები.
  29. 29
    აქვეა ედომი, მისი მეფეები და ყველა მისი მთავარი, საკუთარ სიძლიერეში დაეცნენ მახვილით განგმირულებთან. განერთხმებიან წინადაუცვეთელებთან, საფლავში ჩასულებთან.
  30. 30
    იქ არის ჩრდილოეთის ყველა უფლისწული და ყველა სიდონელი, დახოცილებთან რომ ჩავიდნენ შერცხვენილნი საკუთარ ძალმომრეობაში, შიშის ზარს რომ სცემდნენ. განერთხნენ წინადაუცვეთელთა და მახვილით მოკლულთა შორის, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.
  31. 31
    იხილავს მათ ფარაონი და ნუგეშცემული იქნება უამრავი ხალხის გამო, მახვილით რომ დაიხოცა; ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი! - ამბობს უფალი ღმერთი.
  32. 32
    რადგან მე განვავრცობ ჩემს შიშს ცოცხალთა ქვეყანაზე, განერთხმებიან ისინი წინადაუცვეთელთა და მახვილით დაცემულთა შორის - ფარაონი და მთელი მისი ხალხი!” - ამბობს უფალი ღმერთი!
იტვირთება შემდეგი თავი
ეზეკიელი 32 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა