ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! ელაპარაკე შენი ხალხის ძეებს და უთხარი: თუ მახვილს მოვუვლენ რომელიმე ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხი თავისი წიაღიდან ერთ კაცს გამოარჩევს და თავის გუშაგად დაადგენს მას,
- 3დაინახავს იგი ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, საყვირს ჩაბერავს და ხალხს გააფრთხილებს;
- 4ის, ვინც გაიგონა საყვირის ხმა და არ იფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა, მისი სისხლი მისავე თავზე იქნება.
- 5საყვირის ხმა გაიგონა და არ იფრთხილა - მისი სისხლი მასზევე იქნება; რომ გაფრთხილებულიყო, თავს გადაირჩენდა.
- 6თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაბერავს საყვირს და ხალხს არ გააფრთხილებს, მოვა მახვილი და ვინმეს წაიყვანს, ის თავისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი; ოღონდ გუშაგს მოვკითხავ მის სისხლს.
- 7აჰა, ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ, ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემგან გააფრთხილებ მათ.
- 8ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
- 9მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტეულს, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ურჯულოების გამო მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.
- 10ძეო კაცისავ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობ-თქო: თუ ჩვენი დანაშაულნი და ჩვენი ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით, როგორღა უნდა ვიცოცხლოთო?
- 11უთხარი მათ: ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან, რომ იცოცხლოს. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან, რისთვის უნდა გაწყდეთ, ისრაელის სახლო?
- 12შენ კი, ძეო კაცისავ! უთხარი შენი ერის ძეებს: მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს და ბოროტეული არ წაბორძიკდება თავისი ბოროტების გამო, თუ მოიქცევა მისგან; ვერ იცოცხლებს მართალი თავისი სიმართლით ცოდვის ჩადენის დღეს.
- 13როცა მართალს ვეუბნები, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავის სიმართლეზე დაიმედებული ურჯულოდ მოიქცევა, არც ერთი მისი მართალი საქმე არ იქნება გახსენებული და მოკვდება თავის ურჯულოებაში, რაც ჩაიდინა.
- 14როცა ბოროტეულს ვეუბნები, მოკვდები-მეთქი! ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და სამართალსა და სიმართლეს მოიმოქმედებს,
- 15ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება.
- 16არც ერთი ცოდვა, რაც ჩაიდინა, არ გაუხსენდება. სამართალსა და სიმართლეს იქმდა და სიცოცხლით იცოცხლებს.
- 17მაგრამ ამბობენ შენი ერის ძეები: არასწორიაო უფლის გზა! თავად მათი გზა არ არის სწორი.
- 18როცა მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, ურჯულოებაში მოკვდება.
- 19როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალსა და სიმართლეს იქმს, სამართლისა და სიმართლის გამო იცოცხლებს.
- 20თქვენ კი ამბობთ: არასწორიაო უფლის გზა! მაგრამ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო!
- 21და იყო, ჩვენი განდევნის მეთორმეტე წელს, მეათე თვის მეხუთე დღეს მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან დევნილი და მითხრა: "დაეცა ქალაქი”.
- 22უფლის ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს დევნილის მოსვლამდე და უფალმა გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გამიხსნა ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
- 23იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 24"ძეო კაცისავ! ასე ამბობენ ისრაელის მიწაზე იმ ნაოხარ ადგილებში მცხოვრებნი: აბრაჰამი ერთი იყო და მან დაიმკვიდრა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და ჩვენ მოგვეცაო ეს ქვეყანა სამკვიდროდ!
- 25ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხორცს სისხლთან ერთად ჭამთ, თვალები კერპებისკენ გაგირბით და სისხლს ღვრით; განა დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას?
- 26თქვენს მახვილებზე ხართ დანდობილნი, სისაძაგლეს სჩადიხართ და თითოეული თქვენგანი მოყვასის ცოლს ბილწავს. განა დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას?
- 27ასე უთხარი მათ, ასე ამბოს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ ნაოხრებში მყოფნი უსათუოდ მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მივცე საჭმელად; ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირი მოუღებს ბოლოს!
- 28უკაცრიელად და ნაოხრად ვაქცევ ამ ქვეყანას და დაეცემა მისი ძლიერების სიამაყე, გაუდაბურდება ისრაელის მთები, არავინ იქნება მათზე გამვლელი.
- 29გაიგებენ, რომ უფალი ვარ, როცა უკაცრიელად და ნაოხრად ვაქცევ ამ ქვეყანას ყველა მათი სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს.
- 30შენ კი, ძეო კაცისავ! შენი ერის ძეები შენზე რომ ლაპარაკობენ კედლებთან და სახლების შესასვლელებთან, ერთმანეთს ეუბნებიან: მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც უფლისგან გამოვიდა!
- 31ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.
- 32აჰა, მხოლოდ სასიყვარულო სიმღერა ხარ მათთვის, ადამიანის მიერ მშვენიერი ხმით ნამღერი, რადგან შენს სიტყვებს ისმენენ, მაგრამ არ ასრულებენ.
- 33და როცა ახდება ეს და, აჰა, აუცილებლად ახდება კიდეც, მაშინ გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის!
იტვირთება შემდეგი თავი